სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეზე ბრალი სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსსაც წარუდგინეს
სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეზე ბრალი სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსსაც წარუდგინეს

A+ A-

×

14:41 16/05/2019

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ოთარ ქველიძესაც წარუდგინეს. პროკურატურა მას მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მსგავსად, ქვეყნის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება.

"დღეს დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. მოწმემ დაადასტურა, რომ აკრძალული იყო სახელმწიფო დაცვის სამსახურზე ზედმეტი ხარჯის დამტკიცება. ყოფილი პრეზიდენტის დავალებით მან მიიღო მითითება, რომ მისი ბიუჯეტიდან ეხარჯა თანხა პრეზიდენტის პირადი მიზნებისათვის. მოწმემ დაადასტურა, რომ ეს თანხები არ შედიოდა უსაფრთხოების ნორმების ამაღლებაში და ეს არ გამომდინარეობდა კანონიდან. ეს ადამიანი აღნიშნულ პროცესზე იყო მოწმე, თუმცა მას ბრალი წარედგინა 2019 წლის პირველ მარტს, მასაც ბრალად ედება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.

საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009 -2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული, მათ შორის თანხა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა.

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

სააკაშვილს, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს 2018 წლის თებერვალში მეუღლის სანდრა რულოვსის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.