რაც უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს ქართულ ეკონომიკაში, მით უფრო ცუდია - დავით ბერძენიშვილი
რაც უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს ქართულ ეკონომიკაში, მით უფრო ცუდია - დავით ბერძენიშვილი

A+ A-

15:32 16/05/2019

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის კომპანია - „ვისოლი“ (Wissol) შესაძლოა „როსნეფტმა“ შეიძინოს. იქნება თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში და გაზრდის თუ არა ეს ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე, ამ საკითხზე კითხვებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა უპასუხა.
როგორც დავით ბერძენიშვილი განმარტავს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსული კომპანიების გაძლიერება ქართულ ბაზარზე.
“მე არ ვგულშემატკივრობ რუსული სახელმწიფო კომპანიების გაძლიერებას ქართულ ბაზარზე. არ არის ეს კარგი პროცესი, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს საქართველოზე, ქართულ ეკონომიკაზე, მითუმეტეს, ენერგეტიკაში, მით უფრო ცუდია. სომხეთში ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლება სულაც არ არის პრორუსული თავისი არსით, მაგრამ მას დახვდა პრაქტიკულად რუსული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სომხური ეკონომიკა. სწორედ ამიტომ არის აქ სირთულე,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანია „ვისოლი“ იყიდება და მის ყიდვას რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტი“ და მასთან დაკავშირებული ქართველი პარტნიორები აპირებენ.
მედიის ინფორმაციით მოლაპარაკებებს “ვისოლთან” “როსნეფტის” შვილობილი კომპანია, ოფშორში დარეგისტრირებული “პეტროკასი“ აწარმოებს.
აღნიშნული კომპანია საქართველოში ფლობს სიდიდით მეორე ავტოგასამართ ქსელს, “გალფს”, ასევე ნავთობტერმინალს ფოთის პორტში.
“ვისოლის“ გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას კომპანიის მფლობელი ვასილ ფხაკაძე არ ადასტურებს თუმცა სხვა ბიზნეს სუბიექტთან გაერთიანებას არ გამორიცხავს.