აბულმუგის აბანოები იშლება - „საყდრისის კომიტეტის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
აბულმუგის აბანოები იშლება - „საყდრისის კომიტეტის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

A+ A-

15:43 16/05/2019

"საყდრისის კომიტეტი“ აბულმუგის აბანოებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "XVII საუკუნის აბულმუგის აბანოს მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა! „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა აბულმუგის აბანო (დმანისის მუნიციპალიტეტი) მოინახულეს, ვინაიდან არსებობდა საფრთხე, რომ ხანგრძლივი წვიმების დროს ძეგლის დაშლის პროცესი უფრო პროგრესირებულიყო.

ადგილზე ჩასულებს არასახარბიელო მდგომარეობა დაგვხვდა, სიტუაციის შესაფასებლად მოვითხოვეთ გეოლოგის მოსვლა. ძეგლის ზედაპირული დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ აბანოს ძირში აშკარად შეიმჩნევა კირის გამორეცხვის პროცესი, ეს კი ძეგლის დაშლის რისკს ერთიორად ზრდის, რადგან მას არ გააჩნია საძირკველი და პირდაპირ ნიადაგზე დგას. ძეგლზე უკვე დაწყებულია ქვათა ცვენა, ხოლო გაჩენილი ბზარები, შესაძლოა კედლებში ამოზრდილი რამდენიმე ხისგან იყოს გამოწვეული.

იმის გამო, რომ აბანო, თავისი მდებარეობით, თავად წარმოადგენს ერთგვარ წყალშემკრებს, წვიმების დროს წყალი არა სპეციალურად გაკეთებულ დრენაჟებში, არამედ აბანოს ძირში ჩაედინება და მისი გამოშრობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდება.

ადგილზე მოსული გეოლოგებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია, ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე გეოლოგიური ვითარების შესახებ, კერძოდ, მიმდინარეობს გრავიტაციული და ეროზიული პროცესები, რომელიც უკვე დაწყებულ, ძეგლის რღვევის პროცესს აჩქარებს.

„საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივითა და მოთხოვნით, 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობდა აბანოს გამაგრებითი სამუშაოები (ვინაიდან ძეგლი კომპანია “RMG” გოლდის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად - 25 000 ლარით დააფინანსა). ძეგლის უკეთ დაცვის მიზნით გაკეთდა სპეციალური დრენაჟები, ასევე ადგილზე დამონტაჟებულ იქნა კამერა ძეგლზე მიმდინარე პროცესების უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგისთვის.

„საყდრისის კომიტეტის“ 6 თვიანმა მონიტორინგმა გვაჩვენა, რომ ძეგლის დაშლის პროცესი შეუქცევადი გახდა და მისი გადარჩენისთვის უფრო რადიკალური ღონისძიებებია საჭირო. ამის საფუძველს კი აბულმუგის აბანოს განთავსების ადგილის საინჟინრო გეოლოგიურ-გეოდინამიკური პირობების ვიზუალური კვლევის შედეგებიც გვაძლევს.

„საყდრისის კომიტეტმა“ აბულმუგის აბანოზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა. მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ძეგლის გადასარჩენად, კონკრეტული ქმედებების გატარებისთვის ძეგლს ერთდროულად, რამდენიმე დარგის სპეციალისტი დააკვირდება“, აღნიშნულია საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. .