2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო
2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

A+ A-

18:03 16/05/2019

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს თანამდებობაზე 177 პირი მუშაობდა, 43 კი, თანამდებობას აღარ იკავებდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, დევნა დაწყებული მოხელეებიდან - 84 პირი შსს-ს მოქმედი ან/და ყოფილი თანამშრომელი იყო, 70 პირი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, 16 პირი საკრებულოს წევრი ან/და თანამშრომელი, 15 პირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი, 14 პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 7 პირი პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი.

დევნა დაწყებული 220 პირიდან დანაშაული 77%-ის შემთხვევაში ჩადენილი იყო 2017-2018 წლებში.
მოხელეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითადად შემდეგი დანაშაულების გამო დაიწყო - ძალადობა, ოჯახში ძალადობა, სამსახურებრივი გულგრილობა, თაღლითობა, ქრთამის აღება, სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მითვისება ან გაფლანგვა, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

განრიდების მექანიზმი გამოყენებული იქნა 40 მოხელის მიმართ შემდეგ დანაშაულებზე - ძალადობა, სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

2018 წელს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 239 მოხელის მიმართ, ხოლო გამამართლებელი განაჩენი 21 მოხელის მიმართ.