2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი 497 არასრულწლოვნის მიმართ იქნა გამოყენებული
2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი 497 არასრულწლოვნის მიმართ იქნა გამოყენებული

A+ A-

18:46 16/05/2019

პროკურატურის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოყენებული იქნა 497 არასრულწლოვნის და 18-დან 21 წლამდე ასაკის 400 პირის მიმართ. განრიდების ხელშეკრულების 38 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8 შემთხვევაში არასრულწლოვანმა განმეორებით ჩაიდინა დანაშაული.

"2016 წლიდან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობას.

2018 წელს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობის 59% დაექვემდებარა განრიდებას. ის არასრულწლოვნები კი, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდნენ განრიდების პირობებს. კერძოდ, 351 დევნა დაწყებული არასრულწლოვანიდან 83 წარსულში განრიდებული იყო,  74 ნასამართლევი, 13-ს ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხოლო 14 არასრულწლოვანი არ აღიარებდა დანაშაულს“, - ნათქვამია პროკურატურის ანგარიშში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა არასრულწლოვანთა 8.3%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან შედარებით კლების მაჩვენებელია.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას, 2018 წელს სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა არასრულწლოვანთა 7%.

2018 წელს განაჩენი გამოტანილი იქნა 181 არასრულწლოვანის მიმართ, აქედან გამართლდა მხოლოდ 9.

181 არასრულწლოვანი პირიდან 53%-ზე განაჩენი გამოტანილი იქნა საპროცესო შეთანხების საფუძველზე, ხოლო 74%-ის მიმართ საქმე არსებითი განხილვით დასრულდა.

2016-2018 წლებში ნაკლებად იქნა გამოყენებული საპროცესო შეთანხმების პირობად თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მაგალითად, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი იყო 2.4%, რაც 2017 წელთან შედარებით კლების მაჩვენებელია.