აბრეშუმის გზა ჩაშლილია (?!) - რატომ დუმს "საქართველოს რკინიგზა"?
აბრეშუმის გზა ჩაშლილია (?!) - რატომ დუმს "საქართველოს რკინიგზა"?

A+ A-

20:03 17/05/2019

აბრეშუმის გზა ჩაშლილია (?!) მიმდინარე წლის თებერვლიდან საქართველოში არც ერთი ვაგონი ჩინური ტვირთი არ შემოსულა.

როგორც “2020NEWS”-მა გაარკვია, "ოცნების" ხელისუფლება ისტორიული მნიშვნელობის პროექტის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

“2020NEWS” შეეცადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია "საქართველოს რკინიგზისგან" მოეპოვებინა, მაგრამ კომპანიაში ამ დრომდე არ აღმოჩნდა პირი, რომელიც ამ საკითხზე კომპეტენტურ პასუხს გაგვცემდა.

როგორც რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, საკონტეინერო გადაზიდვები საქართველოს რკინიგზაზე ხორციელდება თუმცა ე.წ.  "აბრეშუმის გზის“  გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პრესსამსახურში გადაგვამისამართეს, სადაც  ასევე ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი. როგორც მათ გვითხრეს, ჩინური ტვირთის შემოსვლასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ და ისევ უკან გადმოგვამისამართეს. შესაბამისად, კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.

“2020NEWS”-მა კი გაარკვია, რომ უკვე 3 თვეა, აბრეშუმის გზის პროექტი  შეჩერებულია. ეს არის უნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის. ჩინეთიდან ტვირთის რკინიგზით ანუ ხმელეთით გადაზიდვა საზღვაო გადაზიდვებს უწევდა დიდ კონკურენციას სატრანზიტო დროის თვალსაზრისით. იგულისხმება ის, რომ საზღვაო გადაზიდვის დროს კონტეინერი გზაშია 30 - 40 დღის განმავლობაშია, ხოლო აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში 10-14 დღეში ჩამოდიოდა ტვირთი საქართველოში ჩინეთიდან. ამ პროექტის ფარგლებში საქართველო იყო არამარტო იმპორტიორი ქვეყანა, არამედ როგორც სატრანზიტო დერეფანი ისე გამოიყენებოდა და ჩინეთს აკავშირებდა ევროპასთან. ძირითადი ტვირთები საქართველოს დერეფნის გავლით მიდიოდა თურქეთის და იტალიის დანიშნულებით. 2019 წლის თებერვლის თვიდან ამ პროექტის ფარგლებში აღარ შემოსულა არცერთი კონტეინერი ანუ პროექტის გასაგრძელებლად და ასამუშავებლად რკინიგზის მოქმედ ხელმძღვანელობას არაფერი აღარ გაუკეთებია.  ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის, საკმაოდ სოლიდური თანხები იქნა დახარჯული.

2018 წელს აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 1500 ცალი კონტეინერი იყო გადაზიდული.

ცნობისათვის, 2015 წლის 13 დეკემბერს ჩინეთის პორტ ლიანიუნგანის ტერმინალიდან სატრანზიტო მატარებელი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდა. პროექტის განხორციელებაში რამდენიმე ქვეყნის სარკინიგზო სისტემა და რამდენიმე საერთაშორისო სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანია მონაწილეობდა.

"დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში "აბრეშუმის გზა" იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით, ოქტომბერში ჩვენ ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა, 500 წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩინეთიდან. ეს იყო წარმატებული დაწყება.

აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს - საშუალოდ 40 დღე. ხოლო "აბრეშუმის გზის" გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ, 3-5 დღეში - ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. „აბრეშუმის გზა" არის ყველაზე მოკლე გზა - 5-ჯერ შემცირებული გზა ევროპასა და აზიას შორის. ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე", - განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" პირველი მატარებლის საქართველოში შემოსვლის დროს.

"მჯერა, "აბრეშუმის გზის" პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. ეს არის ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება. სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკით შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი ინვესტიციებისთვის და რეგიონული ჰაბი", - განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, მაშინ "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე იყო.