ჭიათურელი მაღაროელების ულტიმატუმი - რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულებს?
ჭიათურელი მაღაროელების ულტიმატუმი - რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულებს?

A+ A-

17:08 20/05/2019

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ხელფასის 25%-ით გაზრდას სთავაზობს. ამის შესახებ "2020NEWS"-ს ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა განუცხადა.

"ჯორჯიან მანგანეზი" ხელფასის 25%-ით გაზრდას გვთავაზობს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი - ხელფასების გაზრდა 50 %-ით და უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აქცია არ შეწყდება", - განუცხადა "2020NEWS"-ს გაფიცულმა მაღაროელმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ჭიათურაში მიმდინარე აქცია მაშტაბური გახდა. მოშიმშილე მაღაროელებს სოლიდარობა რიგითმა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს და მათ აქციას შეუერთდნენ. ისინი ქალაქში მარგანეცით დატვირთული მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილებას აპროტესტებენ.

ცნობისთვის ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო, ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.

17 მაისს აქციის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან ერთად, მთავრობის წევრები - კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა „2020NEWS-თან“ განაცხადა დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება წარმოუდგენელია, რის საფუძველზეც ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

მათ ქალაქის შესასვლელში კარავი გაშალეს და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანებს გზაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ჭიათურის მაღარომ მუშაობა დროებით შეაჩერა. “ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.