სისხლიანი ბოლო ზარი - ვინ ლობირებს და რატომ არ ათავისუფლებენ 51-ე სკოლის დირექტორს?
სისხლიანი ბოლო ზარი - ვინ ლობირებს და რატომ არ ათავისუფლებენ 51-ე სკოლის დირექტორს?

A+ A-

18:11 20/05/2019

ხმაურიანი და სკანდალური თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, დღეს 12-ე კლასელების სისხლიანი გარჩევის და დაპირისპირების ადგილი კიდევ ერთხელ გახდა. განათლების სამინისტრო, აღნიშნული სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ამ ეტაპისთვის არ აპირებს.

დღეს, როდესაც 51-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასელები ბოლო ზარს აღნიშნავდნენ, ყველასათვის უცნობი მიზეზებით, მოზარდების ზეიმი დაპირისპირებაში გადაიზარდა. მე-12 კლასელებმა მელიქიშვილის N6-ში ცივი იარაღით ერთმანეთზე ფიზიკური ანგარიშსწორება გადაწყვიტეს.

საბედნიეროდ, ადგილობრივი მაცხოვრებლების დროული რეაგირების საფუძველზე, გარჩევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ამ შემთხვევამ წინ წამოწია წელიწადნახევრის წინ დატრიალებული ტრაგედია და კითხვის ნიშნები გააჩინა.

“2020NEWS” დაინტერსდა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა, ვინაიდან დღევანდელი გარჩევის გარდა, 51-ე საჯარო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც წელიწადნახევრის წინ ორი არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემხვერპლა.

როგორც “2020NEWS”-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი არ დგას და ვერც იმ კითხვაზე გვიპასუხეს, მომავალში დადგება თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

“ამ ეტაპზე 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი არ დგას და ვერც იმას გეტყვით, სამომავლოდ იგეგმება თუ არა “, - განაცხადეს უწყებაში.

“2020NEWS” ასევე დაინტერესდა რა ინფორმაციას ფლობდა დღევანდელ სისხლიან დაპირისპირებაზე მანდატურის სამსახური. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, 12-ე კლასელებს შორის დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე არ დაწყებულა.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მანდატურის სამსახურის მოზარდების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ სკოლის და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იღებს. ამ სამსახურისთვის ასევე უცნობია რა გახდა მოზარდებს შორის სკოლის გარეთ დაპირისპირების მიზეზი.

“მანდატურის სამსახური მოზარდების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სკოლის და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იღებს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, არც სკოლის და არც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ჩვენ რეალურად არ გვაქვს ინფორმაცია მოზარდებს შორის რა სახის ინციდენტი მოხდა და ვინ მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში. ამას შესაბამისი უწყებები დაადგენს. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა“, - აცხადებენ სამსახურში.

“2020NEWS“ აღნიშნულ სამსახურთან შეეცადა გაერკვია, რა ინფორმაციას ფლობდნენ იმასთან დაკავშირებით, ჰქონდათ თუ არა დამამთავრებელი კლასის მოზარდებს ცივი იარაღი, თუმცა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია ვერც დაადასტურეს და ვერც უარყვეს.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს ცივი იარაღი არ ყოფილა გამოყენებული, თუმცა ამას ცალსახად ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ, სანამ შესაბამისი უწყებები საკითხის შესწავლა არ დაასრულებს“, - აცხადებენ სამსახურში.

“2020NEWS” ასევე შეეცადა 12-ე კლასელებს შორის სისხლიანი გარჩევის დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერკვია. როგორც უწყებაში განაცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დამატებით დეტალებს კი გამოძიება დაადგენს. ცნობისათვის, ხორავას ქუჩის სისხლიანი ინციდენტის შემდეგ, ჩხუბში პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის გამო, სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. 51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ კი - გადადგომაზე უარი განაცხადა.