სოხუმში აქციები დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიცია
სოხუმში აქციები დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ  დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიცია

A+ A-

11:11 22/05/2019

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს – არჩევნები 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია 21 ივლისის ნაცვლად 23 ნოემბერს მოითხოვდა. საბოლოოდ, ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და არჩევნები 25 აგვისტოს დანიშნა. ამასთან, ოპოზიციის კანდიდატს, ასლან ბჟანიას არც არჩევნებში მონაწილეობისთვის ოფიციალური რეგისტრაციის გავლას აღარ მოსთხოვენ და არც აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარებას.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობს.

ასეევ, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.