ჭათურაში გაფიცულ მაღაროელებს “კოოპერატორები“ ემუქრებიან
ჭათურაში გაფიცულ მაღაროელებს “კოოპერატორები“ ემუქრებიან

A+ A-

15:48 22/05/2019

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს “კოოპერატორები“ ემუქრებიან. ამის შესახებ “2020NEWS”-ს გაფიცულმა მუშებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, გაფიცულ მუშებთან მარგანეცის ბიზნესში მყოფი, ე.წ. "კოოპერატორები" მიდიან და მათგან აქციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “2020NEWS” მაღაროელების მიერ დასახელებულ ერთ-ერთ "კოოპერატორს“, დავით დადუნაშვილს დაუკავშირდა.

დადუნაშვილმა “2020NEWS”-თან საუბარში დაადასტურა, რომ მართლაც იყო მისული გაფიცულ მუშებთან, თუმცა მუქარის ფაქტი უარყო.

“დიახ, ვიყავი მისული გაფიცულებთან და მათ დაშლას ვთხოვდი. თუმცა არ დავმუქრებივარ. ვუთხარი, რომ მესმოდა მათი პროტესტი და ვითვალისწინებდი მათ მოთხოვნებს, თუმცა მე "ჯორჯიან მანგანეზისგან“ დამოუკიდებელი საწარმო მაქვს და ვთხოვე გაფიცულებს, ჩემი სიტუაციაც გაეთვალისწინებიათ, რადგან მეც მყავს თანამშრომლები, რომლებიც დამოკიდებულები არიან "ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობაზე. ჩემი მხრიდან მუქარის ფაქტი არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ თხოვნა. იქ არანაირ დაპირისპირებას და მუქარას არ ჰქონია ადგილი.

ასევე მოვითხოვე, რომ მაშინ ალტერნატიული გზა შემოეთავაზებიათ ჩემთვის, თუ როგორ მოვიქცე საწარმო რომ არ შემიჩერდეს, თუმცა მათი პასუხი იყო კატეგორიული, რომ ისინი თავის პოზიციას არ შეცვლიან", - განუცხადა დადუნაშვილმა “2020NEWS”-ს.

დადუნაშვილის თქმით, ის აუცილებლად დაიცავს თავის შრომის უფლებებს და მუშაობას არ შეწყვეტს.

"მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებ. თუ კანონი დამიცავს, მე ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ და თუ მუშაობას შემიჩერებენ და არაკანონიერად მიიჩნევენ, მაშინ გავჩერდები, რატომ უნდა შევწყვიტო მუშაობა?! ჩემს საწარმოშიც არიან ადამიანები დასაქმებულები და იმ ხალხზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?! არ ვარ მონსტრი, რომელსაც გაფიცული მაღაროელების პროტესტი არ ესმის, თუმცა ყველაფერი ცალმხრივად არ უნდა განვიხილოთ. მეც მაქვს ჩემი მოთხოვნები და თუ კანონი დამიცავს, მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ“, - განაცხადა სააგენტოსთან საუბარში დავით დადუნაშვილმა.

ცნობისთვის, დავით დადუნაშვილი, ხორავას ქუჩაძე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამაა, რომელიც ჭიათურაში მარგანეცის მომპოვებელი კომპანიის მფლობელია.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.

17 მაისს აქციის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან ერთად, მთავრობის წევრები - კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა „2020NEWS-თან“ განაცხადა დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება წარმოუდგენელია, რის საფუძველზეც ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

რის შემდეგაც აქცია უფრო მაშტაბური გახდა, გაფიცულებს მოსახლეობაც შეუერთდათ და მათ ქალაქის შესასვლელში კარავი გაშალეს, ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანებს გზაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ჭიათურის მაღარომ მუშაობა დროებით შეაჩერა. “ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.