როდესმე ასე ვთქვი?! ჩემგან გაიგონეთ?! სხვის ნათქვამზე პასუხს არ ვაგებ - ლადო კახაძე ბიძინა ივანიშვილს ემიჯნება
როდესმე ასე ვთქვი?! ჩემგან გაიგონეთ?! სხვის ნათქვამზე პასუხს არ ვაგებ - ლადო კახაძე ბიძინა ივანიშვილს ემიჯნება

A+ A-

16:41 23/05/2019

ინტერვიუ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატ ლადო კახაძესთან

- ბატონო ლადო, მთაწმინდის ოლქში მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეთ, რამაც „ქართული ოცნება“ მეორე ტურის გამართვის აუცილებლობის წინაშე დააყენა. გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ არჩევნების მეორე ეტაპზე მაინც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვეთ?

- საზოგადოების მაღალი მახარდაჭერის მოლოდინი ნამდვილად მაქვს. მხარის დაჭერა ერთი თემაა, მაგრამ აუცილებელია საარჩევნო ურნებთან მოსახელობის აქტიურობა გაიზაროს. პირველ ტურში საზოგადოების აქტიურობა დაბალი იყო, მეორე ტურში კი მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს.

- როგორ ფიქრობთ? პირველ ტურში საზოგადოებამ თქვენი გამარჯვება რატომ არ მოინდობა? ვისში ან რაშია მიზეზი?

- როგორც გითხარით, ანალიზის დონეზე ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი. ერთი არის ის, რომ საზოგადეობას აქტიურობა დავაკლით. ანალიტიკოსთა ნაწილი და პარტიებიც ამბობენ, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმია მომრავლებული. მესამე ფრთა, რომელსაც მეც ნაწილობრივ ვიზიარებ არის ის, რომ ნაკლებად აქტიურობა იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომელთაც ასეთი სტატუსი აწყობთ.

- “ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს ნორმალურია, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმია გამეფებული? როგორ ფიქრობთ, რა არის აღნიშნულის მიზეზი?

- საზოგადოებას ნიჰილისტური დამოკიდებულის შრეები წარსულიდან მოყვება, რასაც გარედან კიდევ და კიდევ ავითარებენ. ეს ინსპირირებულია, თავსმოხვეულია. დღეს ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ ყველას გაგვეხარდება, სიღარიბე არ არის დაძლეული და სამუშაო ადგილები არ არის შექმნილი, მაგრამ როდესაც სიღრმეში ჩაიხედავ, დაინახავ რა დაგხვდა 2012-ში და რა არის დღეს. როცა ციფრებსა და რეალობას თვალებში შეხედავ, მიხვდები, რომ ქვეყანაში ცოტა უკეთესობა მაინც არის. ამ უკეთესობაში ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ ადამიანები სახელმწიფოსგან წნეხს აღარ განიცდიან.

- თქვენი მთავარი ოპონენტი შალვა შავგულიძე სანდრო გირგლიანის საქმესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შემსრულებლად წარმოაჩინა, ხოლო მოსამართლე ლევან მურუსიძე მსხვერპლად. თავად იზიარებთ აღნიშნულ პოზიციას?

- როდესმე ასე ვთქვი?! ჩემგან გაიგონეთ?! სხვის ნათქვამზე პასუხს რა ვაგებ. მე პირდაპირ ვამბობ, შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება არის მიუღებელი იმ ადამიანებთან ასოცირების თაობაზე, რომლებმაც ყველაფერი ცუდი ჩაიდინეს, ანუ შავგულიძე დაავადების, სიკვდილის მხარეს დადგა. მე ჯანმრთელობის მხარეს მინდა იდგეს. ახლა ის ცუდ სამსახურშია.

- თქვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად სარგებლობთ. დეპუტატად გახდომის შემთხვევაში, მეტროთი და ავტობუსით გადაადგილებას უპირატესობას კვლავ მიანიჭებთ?

- მთელი ცხოვრება ხან ფეხით, ხან ტაქსით, ხან მეტროთი, ხან ავტობუსით, ხან საკუთარი მანქანით დავდივარ და ასე გავაგრძელებ. სახელმწიფო მანქანითაც ვიარე ერთი პერიოდი. მე ვარ თბილისში დაბადებული ჩვეულებრივი კაცი, რომელმაც ამ ქვეყანაზე ძალიან დიდხანს იცხოვრა და ცხოვრობს. სუფრებზეც დავდივარ, ქელეხებშიც დავდივარ, ქუჩაში ვჩერდები. მე ბევრი ადამიანისთვის სიცოცხლე მიმიცია, იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახელი და გვარი არც კი ვიცი. რა ვქნა. ვილაპარაკო იმაზე, რაც გაკეთებული მაქვს?!

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე