ან მოთხოვნებს დაგვიკმაყოფილებენ, ან ჩვენს გვამებს გაიტანენ აქედან - გაფიცული მაღაროელი
ან მოთხოვნებს დაგვიკმაყოფილებენ, ან ჩვენს გვამებს გაიტანენ აქედან - გაფიცული მაღაროელი

A+ A-

16:28 23/05/2019

ან მოთხოვნებს დაგვიკმაყოფილებენ, ან ჩვენს გვამებს გაიტანენ აქედან, - უთხრა "2020NEWS"-ს  ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

მისივე თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროელების უფლებებს არღვევს და თუ შეთანხმება ვერ შედგება, ეს ყოველივე ფატალური შედეგებით დასრულდება.

“ამჟამად იგივე სიტუაციაა და მოლოდინის რეჟიმში ვართ. გადაკეტილი გვაქვს გზები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ჩვენი განძი არ გავიდეს ქალაქიდან. გატანის პატარ-პატარა მცდელობები აქვთ, მაგრამ სერიოზული არაფერი, “ჯორჯიან მანგანეზი” რასაც აცხადებს, ყველაფერი სიცრუეა.

ხელფასების 25%-ით გაზრდაც სიცრუეა. სხვათა შორის, ხელისულფების წარმოამდგენლები იყვნენ და საუბრობენ ამ ამბებზე. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ კვლავ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ეგენი თავად კანონიერად გვექცევიან? ყველაფერს უკანონობას აწერენ, რასაც დაინახავენ. რაშიც სიმართლეა, მაგათთვის ყველაფერი უკანონოა.

თავად როგორც გვექცევიან, ეგ კანონიერია? პირიქით, ყოველდღე და ყოველწამს ჩვენს მიმართ არღვევს კომპანია კანონსაც, კოდექსსაც და ყველაფერს. ეტაპობრივად ხელფასის გაზრდაზე არავინაა თანახმა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, ჭიათურის მაღარომ მუშაობა დროებით შეაჩერა. “ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გუშინ კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მაღაროელთა გაფიცვა უკანონოა და გაფიცული მუშებისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებენ და სამართლებრივ დავას იწყებენ მუშების წინააღმდეგ. "ჯორჯიან მანგანეზში“ 3300 ადამიანია დასაქმებული.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.