ჭიათურის მაღაროებში დასავლეთ უკრაინელები, ტყიბულის შახტში კი ლუგანსკელები შედიან
ჭიათურის მაღაროებში დასავლეთ უკრაინელები, ტყიბულის შახტში კი ლუგანსკელები შედიან

A+ A-

20:12 23/05/2019

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, თუ გაფიცვა გაგრძელდება, მუშაობა გაჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც.

„თავდაპირველად ხელფასების 50%-ით გაზრდა მოითხოვეს, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არის არაადეკვატური. არაადეკვატურ მოთხოვნებს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ არანაირი ჯგუფი არ გამოიყო, ვისთანაც მოხდებოდა აღნიშნული საკითხის გავლა. ჩვენ მზად ვიყავით 25-პროცენტიანი ზრდა შეგვეთავაზებინა და შევთავაზეთ. ეს ეფუძნებოდა იმ რეორგანიზაციას, რომელიც შეგვიძლია, რომ განვახორციელოთ კომპანიაში. აქ საუბარი არ არის რეორგანიზაციის დროს ჩვენი თანამშრომლების შემცირებაზე, საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კომპანიაში. ეს მოგვცემს საშუალებას, დავზოგოთ გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯები და რომ სწორედ ამ ხარჯების დაზოგვის შედეგად მიღებული დანაზოგები გადავანაწილოთ ხელფასებზე. კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი, რათა განაცხადოს, რომ მიმდინარე გაფიცვა უკანონოა. ჩვენი იურისტები ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესის დაწყება“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ და დასძინა, რომ გაფიცვის შედეგად კომპანიას ყოველდღიურად მილიონი ლარის, ქვეყანას კი, ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის ზარალი ადგება.

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება, ერთ-ერთმა გაფიცულმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა.
ამ ფონზე, „პროგრესნიუსის“ ინფორმაციით, ტყიბულში 2 წლით უკრაინელები შედიან და მალე, 10 თვის წინ, შახტში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რასაც შეეწირნენ მეშახტეები, შახტი ამუშევდება.
„პროგრესნიუსის“ ინფორმაციით, უკრაინელები საქართველოში ინვესტიციას არ განახორციელებენ, ხოლო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აპირებს თანამშრომელთა და ასევე, ამოღებული ქვანახშირის შემცირების ხარჯზე, გავიდეს ფონს. მეტიც, როგორც სპეციალისტები „პროგრესნიუსს“ უცხადებენ, ტყიბულის შახტში 10 თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ასე მარტივად შესვლა და სამუშაოების წარმოება, არ შეიძლება.

რა საფრთხეებს შეიცავს ტყიბულის შახტი? ვინ არიან უკრაინელები, რომელთაც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) 2 წლით წარმოებას უთმობს? რა პირობებში იმუშავებენ უკრაინელები? რა ბედი ელის 2 წლის შემდეგ ტყიბულის შახტებს, მითუმეტეს, რომ უკრაინელები წარმოების განვითარებას არ აპირებენ – ამ და სხვა საკითხებზე „პროგრესნიუსს“ ესაუბრება გელა მაჩაიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო ცენტრ „სამთო-გეოლოგ პროეტის“ ხელმძღვანელი, ტყიბულის „ჯი აი ჯი ჯგუფის“ მინდელისა და ძიძიგურის შახტი-უბნის ყოფილი ტექნიკური დირექტორი:

_ ჭიათურის მაღაროს მუშები სამართლიანად ითხოვენ ხელფასების მომატებას, ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს, მაღაროელის მძიმე შრომას, თუმცა, 50%-ი, ან თუნდაც 40%-ით ხელფასის მომატება, შეუძლებელი მგონია. ეს განისაზღვრება მაღაროს ფინანსური მდგომარეობით. როდესაც ტყიბულში ვმუშაობდი, გაფიცვები იქაც იყო ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვდნენ მესახტეები. ტყუბუყლის პროდუქციას სხვა ფასი აქვს და 50%-იანი მატება რომ წასულიყო, კომპანია წაგებაზე წავიდოდა, თუმცა 10%-ით მოუმატეს ხელფასს.

_ 25%-იან მატებაზე არის საუბარი.

_ დიახ, წავიკითხე ეს ინფორმაცია. ჭიათურის საბადოს ვერ შევადარებ ტყიბულს, აქ განსაზღვრული გაქვს როგორც მოპოვების კვოტა, ასევე ღირებულება, სასარგებლო წიაღისეული რაც მაღაროში მოიპოვება თვითღირებულებით, ნახშირის თითღირებულებას აღემატება და სამუშაო პირობები იმდენად რთული არაა მაღაროში, როგორც შახტში. შახტში ყველა უბედური შემთხვევაა მოსალოდნელი, ჭიათურაში არც გაზის აფეთქების, არც გამოტყორცნის და სხვა უბედურებები არაა მოსალოდნელი. ღია წესით დამუშავების დროს, მთავარია დაიცვა ღია წესის საპროექტო მონაცემები – საფეხურის სიმაღლე, პარამეტრები, მოპოვების ტექნოლოგია, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო იოლი და მარტივია.
ჭიათურას არა მგონია გასაღების ბაზარზე პრობლემა ჰქონდეს. სილიკო-მანგანუმის პროდუქტზე, რომელიც მეტალურგიაში გამოიყენება მოთხოვნილება გაზრდილია. მე, მაგალითად, ვიცნობ პოლონელებს, რომლებიც ფასსზე შეთანხმების შემთხვევაში, ნაწარმის ძალიან დიდ მარაგს შეიყიდიან. ეს არის ნაწარმი, რომლის გარეშეც მეტალურგია არ არსებობს.

_ „პროგრესნიუსისათვის“ ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში უკრაინელები შედიან.
_ დიახ, როგორც მითხრეს 2 წლით სედიან. მინდა გითხრათ, რომ უკრაინელებზე არ მაქვს კარგი შეხედულება, მათ არ იციან რა არის ტყიბულის საბადოები. უკრაინელების ამ ჯგუფმა დამუშავების პროექტი გააკეტეს, რაშიც ფირმამ გადაიხადა 250 ათასი დოლარი. პროექტი დღემდე თაროზე დევს, იმიტომ რომ არ მოერგო ტყიბულს. ამის შემდეგ გააკეთეს ერთი უბნის დამუშავების პროექტი, არც ის გამოდგა და ისიც თაროზეა. მე ამ დროს ტყიბულში ვმუშაობდი და წავედი პროექტების წინააღმდეგ, სწორედ ეს გახდა სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების მიზეზი. დღეს კი ეს ხალხი შემოდის ტყიბულში და როგორც გავიგე, მომზადებულ უბნებზე უარს ამბობენ. ე.ი. რაც მომზადებული უბნები დახვდებათ, მხოლოდ ის უნდა ამუშაონ და ახლაი არ უნდა მოამზადონ.

_ ეს ხომ შახტას ფაქტიურად გააუქმებს. ორი წლის შემდეგ უკრაინელები რომ წავლენ, რა დარჩება საქართველოს?

_ 4 უბანი იყო სულ, ერთი განადგურებულია, დარჩა სამი უბანი. ამ უბნებს ექნება მარაგი რომელიც 2-3 წელიწადს იმუშავებს, მაგრამ მერე? თუ შახტის მომზადება არ განხორციელდება, 2 წლის მერე, ჩვენ რა? მე როგორც ვიცი შემოდიან ლუგანსკელები, ლუგანსკში შახტებში უმუშევარი ხალხია, აქ დასაქმდებიან. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მმართველობა მათი იქნება, მუშები ტყიბულის, – ასე ამბობენ.

_ ხომ არ იცით რა ტიპის ხელშეკრულება გაფორმდა უკრაინელებთან. პარალელი მინდა გავაკეთო ჭიათურასთან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობამ მაღაროში უცხოელი მუშები შეიყვანა. იგივე ბედი ხომ არ ელის ტყიბულს?

_ არ ვიცი უკრაინელებს რა ტიპის ხელშეკრულება გაუფორმეს. როგორც მითხრეს, მმართველობა იქნება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და ექსპლუატაცია უკრაინის. აქ უმთავრესია ის, რომ უკრაინელებმა არ იციან ამ საბადოში მოპოვების ტექნოლოგია.
მოპოვების ტექნოლოგია განსაზღვრავს უსაფრთხოებას, მსხვერპლსაც. ჩვენ რომ გვეუბნებიან შრომის უსაფრთხოებაო, შრომის უსაფრთხოება არ კლავს ადამიანს, ადამიანს კლავს ტექნიკური უსაფრთხოება, ტექნიკური ნორმების დარღვევა, შეუსაბამო ტექნოლოგიების გამოყენება ველებში. ისინი ინვესტორები არ არიან, არ დებენ ინვესტიციას, შემოდიან შახტის სამი უბნის ასამუშავებლად. 2 წელი იმუშავებენ. 2 წლის შემდეგ რა? ამბობენ, ჩინელები შემოიტანენ ახალი შახტის პროექტსო, ახალ შახტას აამუშავებენო. მე ვნახე ჩინელების გაკეთებული ერთ-ერთი პროექტი, ისინი აპირებენ 1400 მეტრის სიღრმეზე ჩასვლას და თან ისეთი ტექნიოლოგიით, რომლითაც ვერ იმუშავებს.

_ რას ნიშნავს 1400 მეტრზე ჩასვლა შახტისთვის?

_ ქვემოთ შედარებით დაწყნარებული სიტუაციაა, ამიტომ ჩადიან და ეს ჰგონიათ გამოსავალი. ტყიბულის სამთო გეოლოგიურ პირობებში არაა ველები, რომ კომპლექსური მექანიზაცია გამართო და იმუშაო, ამიტომ თავიდანვე განწირულია ეს გეგმა. ესეც რომ არა, ასე ღრმად ჩასვლა შახტისთვის ნიშნავს იმას, რომ ზემოთ, დაახლოებით 80 მლნ. ტონა ქვანახშირი დარჩება.

_ ბატონო გელა, 10 თვის წინ ტრაგედია დატრიალდა შახტში. 10 თვეა შახტი დაკეტილია. შეიძლება ასე მოუმზადებლად მუშაობის განახლება?

_ არა. გაურკვეველია რას ეყრდნობა კომპანია, როცა აცხადებს რომ მუშაობას იწყებს. დამუშავების პროექტიც კი არა აქვთ. ვიდრე შახტში დაიღუპებოდნენ ადამიანები, ალბათ, ერთი წლის წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვიდა წერილი, იყო მოთხოვნა შახტის დამუშავების პროექტის შესახებ, მაგრამ მერე უბედურება მოხდა, დაიკეტა შახტები და აღარავის ახსოვს პროექტის გაკეთება. არავინ გვეხმიანება. 1 წელი მაინც უნდა ამ პროექტის გაკეთებას.

_ აი, ახლა შახტს რომ ხსნიან, დასკვნა თუ არსებობს, რაც საფუძველს მისცემდათ მუშაობის დასაწყებად?

_ 10 თვე გავიდა შახტში ადამიანების დაღუპვიდან. როგორც ვიცით გერმანელები მოიწვიეს, მისცეს ხუთკვირიანი ვადა, მაგრამ მათ დასკვნა არ დაუდიათ. არავის შეუმოწმებია შახტი რა მდგომარეობაშია.

_ საქართველოში ამ საქმის მცოდნე არ გვყავს?

_ ქართველებს და განსაკუთრებით სტუ-ს იგნორირებას უკეთებენ და არც კი გვეკითხებიან, სამწუხაროდ.

_ თავად უკრაინელებს არ შეუმოწმებიათ ადგილი, სადაც შესვლას აპირებენ?

_ ისინი ხომ შახტში ჩასვლას არ აპირებენ, შახტში ქართველი მუშები ჩადიან.

_ უხეშად ვამბობ, მაგრამ ფაქტია – სასიკვდილოდ წირავენ ხალხს?

_ ასე გამოდის. უკრაინელები იყვნენ ჩამოსულები, ამბობდნენ შახტს ვსწავლობთ ჩვენთვისო. ჯერ უნდოდათ ჭიათურა აეღოთ, მაგრამ ვერ გადაწყვიტეს, მოითხოვეს თბოელექტროსადგურებთან ერთად, ამათ უარი უთხრეს.

_ ვინ მოიწვია ეს ხალხი?

_ არ ამბობენ ვინ მოიწვია უკრაინელები, სახელმწიფომ თუ კომპანიამ

წყარო:progresnews