2 პირამოკერილი და 15 მოშიმშილე მაღაროელი - ჭიათურაში აქცია გრძელდება და ვითარება იძაბება
2 პირამოკერილი და 15 მოშიმშილე მაღაროელი - ჭიათურაში აქცია გრძელდება და ვითარება იძაბება

A+ A-

19:48 23/05/2019

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება, უკვე მეექვსე დღეა გაფიცული მაღაროელების ნაწილი შიმშილობს, აქცია დღეს კიდევ უფრო დაძაბული გახდა, მოშიმშილე მაღაროელებისგან ოთხმა, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართა და პირი ამოიკერა. აქედან ორმა, პოლიციისა და ოჯახის წევრების თხოვნით ნაკერები მოიხსნა, თუმცა 2 მაღაროელი ამ დროისთვის ისევ პირაკერილი რჩება.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირს პროტესტის ნიშნად ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.

"მეექვსე დღეა, რაც ვშიმშილობთ და ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, სანამ არ დათანხმდებიან ჩვენს მოთხოვნებზე. არანაირი სხვა პირობა - უნდა გადაეცეს ეს კომპანია სახელმწიფოს და უნდა მიხედოს სახელმწიფომ, ამის იმედი გვაქვს ყველას, ისევ ამათი იმედი გვაქვს, თორემ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან, სიცოცხლის ფასად გვევაჭრებიან,"- აცხადებენ მაღაროელები.

მაღაროელების უკიდურეს პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია, ისინი გმობენ შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკას შპს “ჯორჯიან მანგანეზში“ და სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი უფლებების დაცვა და ამავე დროს, იყოს გარანტი დასაქმებულების უფლებისა, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის.

ჭიათურლების პროტესტის პარალელურად, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური მენეჯერი მერაბ ლომინაძე, არ გამორიცხავს, რომ მუშაობა გაჩერდეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც, როგორც ლომინაძე აცხადებს, თუ ჭიათურის მაღაროელების გაფიცვა გაგრძელდება, მუშაობა გაჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც. ლომინაძის განცხადებით, გაფიცვის შედეგად კომპანიას ყოველდღიურად მილიონი ლარის, ქვეყანას კინ - ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის ზარალი ადგება.

"ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა.

არ გააფრთხილეს კომპანია გაფიცვის დაწყების შესახებ 21 დღით ადრე. ლომინაძის თქმით, ამოწურულია საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშრებული პრობლემაც. შეიცვალა კომპანია, რომელიც მაღაროელთა კვებას უზრუნველყოფდა.

"2020NEWS”-ის ინფორმაციით, პროტესტის ფონზე, მაღაროელების აქციით ჭიათურაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ქალაქის ახლადარჩეულმა მერმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ჭიათურის მაღარო არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო და მისი სრულფასოვნად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მისივე თქმით, ის იზიარებს მაღაროელების მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას.

ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე. ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდეს მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობასა და „ჯორჯიან მანგანეზ შორის გამართული კონსულტაციების მიუხედავად, გაფიცულმა მუშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანა ჭიათურაში და მათი მეშვეობით აღადგინა ქარხნის მუშაობა, მათი თქმით, ამ ქმედებით „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს დასაქმებულების ნაწილი მუშაობის გაგრძელებაზე თანახმაა და ამით გაფიცულებს შორის უთანხმოება გამოიწვიოს.

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა „ჯორჯიან მანგანეზის“ გამამდიდრებელ ახალ ქარხანასთან გადაინაცვლა და იმუქრება, რომ სატვირთო მანქანებს არ გაატარებს. აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მაღარომ უკვე რამდენიმე დღეა მუშაობა დროებით შეაჩერა.

“ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ულტიმატუმის ვადა კომპანიას გუშინ ამოეწურა, შესაბამისად, კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მაღაროელთა გაფიცვა უკანონოა და გაფიცული მუშებისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებენ. "ჯორჯიან მანგანეზში“ 3300 ადამიანია დასაქმებული. ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო.

ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-მდე გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ. 17 მაისს აქციის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან ერთად, მთავრობის წევრები - კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა "2020NEWS"-თან“ განაცხადა, დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება წარმოუდგენელია, რის საფუძველზეც ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

რის შემდეგაც აქცია უფრო მაშტაბური გახდა, გაფიცულებს მოსახლეობაც შეუერთდათ და მათ ქალაქის შესასვლელში კარავი გაშალეს. როგორც გაფიცულმა მუშებმა "2020NEWS"-ს განუცხადეს, ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და არც სამართალდამცავების ეშინიათ. შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათივე განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელების უფლებებს არღვევს და თუ შეთანხმება ვერ შედგება, ეს ყოველივე ფატალური შედეგებით დასრულდება.

“ამჟამად იგივე სიტუაციაა და მოლოდინის რეჟიმში ვართ. გადაკეტილი გვაქვს გზები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ჩვენი განძი არ გავიდეს ქალაქიდან. გატანის პატარ-პატარა მცდელობები აქვთ, მაგრამ სერიოზული არაფერი, “ჯორჯიან მანგანეზი” რასაც აცხადებს, ყველაფერი სიცრუეა. ხელფასების 25%-ით გაზრდაც სიცრუეა. სხვათა შორის, ხელისულფების წარმოამდგენლები იყვნენ და საუბრობენ ამ ამბებზე.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ კვლავ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ეგენი თავად კანონიერად გვექცევიან? ყველაფერს უკანონობას აწერენ, რასაც დაინახავენ. რაშიც სიმართლეა, მაგათთვის ყველაფერი უკანონოა. თავად როგორც გვექცევიან, ეგ კანონიერია? პირიქით, ყოველდღე და ყოველწამს ჩვენს მიმართ არღვევს კომპანია კანონსაც, კოდექსსაც და ყველაფერს. ეტაპობრივად ხელფასის გაზრდაზე არავინაა თანახმა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.