"ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს"
"ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს"

A+ A-

11:46 24/05/2019

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრსი დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვან იმ განაცხადა, ჩინეთი მზად არის, კიდევ უფრო განავითაროს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩამოვედი საქართველოში. ამ დღეებში საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, მინდა, თქვენს ქვეყანასა და ხალხს მივულოცო ეს დღე. ჩინეთი ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა“, – მიმართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს.

ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

​„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყოველთვის გვახარებს, როდესაც ქვეყნები ცდილობენ, გაჰყვნენ განვითარების გზას, თავიანთი ხალხის საჭიროებებისა და არსებული პირობების გათვალისწინებით.

ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკლე ხანში, ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და მას შემდეგ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეუფერხებლად ვითარდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ გვახარებს, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყნები აუმჯობესებენ სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დიდ პოტენციალს განავითარებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში ბევრი წლის წინ შედგა. ჩემთვის ეს ვიზიტი, პირველ რიგში, მეგობრობის გამოხატულებას წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება, კიდევ უფრო განვავითაროთ ტრადიციული მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას, განსაკუთრებით, ჩვენს ხალხებს შორის. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი გახსნის ახალ პერსპექტივებს და განზომილებებს ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად.
ჩემთვის ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, შევიტყო, თუ როგორ გამოიყენა საქართველომ ჩვენი ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც ვფიქრობ, გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთგაგებას.
ამასთან, ეს არის ვიზიტი, რომელიც დაგვეხმარება, შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით და ვიპოვით გზები, არსებული გლობალიზაციის შესაბამისად, როგორ შეიძლება განვავითაროთ ურთიერთ ხელსაყრელი თანამშრომლობა. კერძოდ, როგორ უნდა განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები, საგზაო ინიციატივები, როგორ უნდა მოვუტანოთ უფრო მეტი სარგებელი ჩვენს ხალხს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა, როგორ შეგვიძლია ერთობლივად გავიღოთ წვლილი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვან ი საქართველოს გუშინ ეწვია. ჩინეთის საგარეო მინისტრი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთანაც გამართავს. შეხვედრებზე ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.