"საბჭოური აზროვნება ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას"
"საბჭოური აზროვნება ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას"

A+ A-

13:45 26/05/2019

"საბჭოური აზროვნება ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა-გავრცელება, საბჭოური აზროვნების მაგალითებია.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში სახელმწიფოებრივი აზროვნება, მთავარი იარაღია.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის თავი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა, საქართველოს დაპყრობიდან, მის გათავისუფლებამდე, ეს არის გზა, სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა. გასულ წელს გავიხსენეთ, ისინი ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატული რესპუბლიკის გამოცხადებას. დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი განმტკიცებისთვის, დღევანდელი გამოწვევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე სწორება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმა, მისგან საბოლოოდ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნება, ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება, საბჭოური აზროვნების მაგალითებია. დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება, და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მთავარი იარაღია. მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული, და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებას", -განაცხადა ზურაბიშვილმა.