"მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე!"
"მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე!"

A+ A-

13:55 26/05/2019

"ამ საზეიმო დღეს მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე! ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს!", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია და საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ცოცხლობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამავე დროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს!

მხოლოდ განვითარებით და მშვიდობით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით, სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი ეროვნული იდეით - განათლებით, ჩვენ დავძლევთ სიღარიბეს! ჩვენ დავძლევთ ოკუპაციას და შევქმნით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს!

დღეს, 26 მაისს, ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.