"იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ"
"იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ"

A+ A-

13:59 26/05/2019

"იმისთვის, რომ მთავარ მიზანს მივაღწიოთ - მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველოს დამოუკიდებლობა ამავე დროს მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, ბევრი რთული გამოწვევების მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევის მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას. ჩემთვის, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების და ცხადია ებრაელების, საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი.ამ ქვეყანაში თითოეული მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. თუმცა, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია. ისტორიულად ჩვენი სახელმწიფო ისაზღვრებოდა ქართული ენით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქართული ენის სწავლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაძლებელი და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.

"აუცილებელია, რომ ქართული ენა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდანვე - საბავშვო ბაღებში. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდება თითოეულ მოქალაქეს, თავისი შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისათვის. საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა , აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია, იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას. მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ჩემი ყოველივე საგარეო ვიზიტის დროს ყოველთვის ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება.

"ამ მხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა, დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნიშანია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია, ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედია. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის გამოხატულებაა, სამხრეთ ოსეთის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევა და გამსვლელი პუნქტების წამდაუწუმ ჩაკეტვა. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებით. ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან, საქართველოს ყველგან აღიარებენ, როგორც მოწინავე ქვეყანა ევროპასთან და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე. აღიარებენ, როგორც სტაბილურობის კუნძულს.  საქართველოს ასეთი შეფასება საზღვარგარეთ ყველგან ხვდება და მეამაყება. დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სვლა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. ამაზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ, საზოგადოების გათიშვა არ უნდა დავუშვათ. ეს ასუსტებს სახელმწიფოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, ამიტომ მე არ ჩავრეულვარ და არ ჩავერევი უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დავიცავ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და წინ გადავუდგები ყველა მცდელობას, და განაცხადს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.