საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს
საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

A+ A-

14:29 26/05/2019

ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება აჭარის განათლების სამინისტროს, ამიტომ მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო რამდენიმე წელია, 26 მაისი ბათუმში ტრადიციულად საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობით იწყება. წელს პირველად გამოჩნდა ფესტივალში ბავშვთა ანსამბლი ქალაქ როსტოვიდან. ანსამბლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის მოწვევით ჩამოვიდა.

ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მინისტრს განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. ინგა შამილიშვილმა, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობდა, ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვა. სამინისტროში ამბობენ, რომ განმარტებებს ბრიფინგზე გააკეთებენ.