"თუ ვერ ვეღირსე საქართველოს განთავისუფლებას, ამის შემხედვარმა მამიგონოს... ქართველო ერო, მომავალი შენია“
"თუ ვერ ვეღირსე საქართველოს განთავისუფლებას, ამის შემხედვარმა მამიგონოს... ქართველო ერო, მომავალი შენია“

A+ A-

16:46 26/05/2019

პროსპექტზე, სადაც დამოუკიდებლობის ზეიმია გაშლილი,თომა ბალიაური ხშირად სეირნობდა ხოლმე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად, მან სიცოცხლის განმავლობაში არდანებების გასაოცარი ისტორია შექმნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პროსპექტზე, სადაც დამოუკიდებლობის ზეიმია გაშლილი, ის ხშირად სეირნობდა ხოლმე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად. ქართულ ჩოხებში გამოწყობილი მოსეირნე მეგობრების შემხედვარე, ქუჩაზე მოძრაობა ჩერდებოდა და ყველა მათ შესცქეროდაო - უყვებოდნენ თვითმხილველები შვილებსა და შვილიშვილებს შემდეგ, ოღონდ ჩუმად, - დიდი სიფრთხილით...
წლების განმავლობაში ეს რისკის შემცველი გადმოცემები და სახელები იძულებითმა დავიწყებამ დაფარა, არადა დღეს ეს პროსპექტი და ეს დღესასწაული მათია, ადამიანების, რომლებიც ყველა დროში ათასების მაგიერ იბრძოდნენ, კვდებოდნენ და მოიპოვებდნენ იმ ათასებისთვის საზეიმო თავისუფლებას.
-თომა ბალიაური ერთ-ერთი მათგანი იყო.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი და ძმათნაფიცი,
1921-23 წლებში ხევსურთა აჯანყების ორგანიზატორი და მეთაური,:
დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში ფშავისა და ხევსურეთის კომისარი,ბორჩალოს მაზრის კომისარი,იყო მივლინებული ოსმალურ მისიაშიც, იბრძოდა ყველგან, ყველა ცეცხლოვან წერტილში, სადაც გამოცდილი და თავგანწირული მეომარი სჭირდებოდა ქვეყანას...
მასზე ლამაზი, მამაცი და განათლებული კაცი მთაში იშვიათად მოიძებნებოდაო -ამბობდნენ.

1921 წელს ის ბათუმამდე გააცილებს საქართველოს გაქცეულ მთავრობას, ქართულ განძს და თავად ბრუნდება უკან, საომრად, ცეცხლმოდებულ ქვეყანაში. ის არ ტოვებს ქვეყანას მაშინაც, როცა ქაქუცას რაზმი დაიშლება.
ბედისწერის გზაჯვარედინზე იყოფა მისი და ქაქუცას გზები. ერთის იძულებითი არჩევანი იყო გაცლა და შესაფერის დროს ბრძოლით შემობრუნების მცდელობა,
მეორისა კი დარჩენა და ბძოლის შემობრუნებამდე, წინააღმდეგობის პატარა ციხესიმაგრის შენახვა სიცოცხლის ფასად...
ამ იმედით და მიზნით თომა ბალიაური თავს შეაფარებს არხოტს, ბუნებრივ ციხესიმაგრეს და დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ქმნის არდანებების გასაოცარ ისტორიას!
10 წლის მანძილზე, მარტოდმარტო, მიუვალ ჭიუხებში, ის თოფით ხელში და უფლის ნაჩუქარი ერთი სიცოცხლით, დარაჯობს და იცავს თავისუფლების იდეას, ელოდება თანამებრძოლების შემობრუნებას, როგორც საგუშაგოზე მიტოვებული უკანასკნელი მეციხოვნე...
10 წლის მანძილზე იგერიებს უამრავ მიგზავნილ მტერს და გადაურჩება თავისი ციხესიმაგრიდან ჩამოტყუებისა და შეპყრობის სასიკვდილო მახეებს.
1930 წელს, მისი არხოტში გამაგრებიდან 7 წლის თავზე, მიუვალი მთების უკაცრიელ ზამთრებში მომწყვდეულ დამოუკიდებლობის მარტოხელა გუშაგს, ეჭვებისა და უიმედობის სევდა ერევა და უკაცრიელ კუნძულზე გარიყული ცდომილივით წერს წერილს, დებს ბოთლში და გადაისვრის მომდევნო ათწლეულების დაპატიმრებული ისტორიის მდუმარე ოკეანეში იმ იმედით, რომ, იქ სადღაც მომავალში, არდავიწყების დინება მის წერილს აუცილებლად გამორიყავს მისი ნაოცნებარი თავისუფალი საქართველოს ნაპირებთან...
1934 წელს ათწლიანი განმარტოვებული და თავგანწირული წინააღმდეგობის შემდეგ, თომა ბალიაურს მოსყიდული შინაური ესრვრის სასიკვდილო ტყვიას, ღამით, ფანჯრიდან...
ბალიაურების უფროსმა თაობამ, საიდულოდ დაუტოვა ახლებს ამბავი, თომას მიერ კედელში ჩაშენებული ბოთლის შესახებ, რომელშიც მისი წერილი ინახებოდა.
90- იან წლებში, დამოუკიდებელ საქართველოში, ადგილობრივი ახალგაზრდები სამალავს ხსნიან და წერილი ამოაქვთ.
თითქოს არაფერი განსაკუთრებული, წერილი მისი ავტობიოგრაფია აღმოჩნდა, მისი ცხოვრებისა და ბრძოლის მოკლე თავგადასავალი, მაგრამ ყველა სტრიქონში ჩანს მოკრძალებული სურვილი, უფრო წყურვილი მისი ბრძოლის, მისი თავგანწირვის არდავიწყებისა. მან ზუსტად იცის, რომ ათწლეულების მალვაგამოტარებული ეს ქაღალდის ნაგლეჯი არის დასტური ბრძოლის უწყვეტობისა და მოწოდება თაობებისთვის, რომლებმაც უნდა გადაიბარონ და გამარჯვებულ დასასრულამდე მიიყვანონ თომასნაირი მებრძოლების სიცოცხლეზე გამოტარებული ბრძოლის ესტაფეტა!
,,...თუ მოვკვდი და ვერ ვეღირსე საქართველოს განთავისუფლებას, ამის შემხედვარმა მამიგონოს, რომ იყო ვიღაც დევნილი და სამშობლოს კეთილდღეობას შესწირა თავი. ჩემი სალამი ჩოლოყაშვილს, რომლის, როგორც ბელადის სახელი არ შემირცხვენია, არ დამიყრია იარაღი და არც დავყრი სიკვდილამდის...
იყავ ძლიერი, ქართველო ერო, მომავალი შენია!
სამუდამო ხსოვნა ქართველ მებრძოლთა!“
თომა ბალიაური, დაბადებიდან 33 წელი, სოფ. ახიელი
ასეთი იყო თომა ბალიაური,
საქართველოს ისტორიის არდანებების ლეგიონის ლეგიონერო,
ეს დღე შენია და შენი თანამებრძოლების!“, - წერს რაზიკაშვილი.