ევროპაში მმართველი პარტიები ახალ რეალობაში ჯერ ვერ გაერკვნენ - თორნიკე შარაშენიძე
ევროპაში მმართველი პარტიები ახალ რეალობაში ჯერ ვერ გაერკვნენ - თორნიკე შარაშენიძე

A+ A-

14:23 27/05/2019

ევროპაში მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებს მიგრანტების დიდი ტალღა. მმართველი პარტიები კი ახალ რეალობაში ჯერ ვერ გაერკვნენ - განაცხადა "2020NEWS“-თან საუბარში ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ევროპარლამენტში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

ექსპერტის თქმით, მმართველი პარტიები სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ამჯობინებენ და რეალურ პრობლემაზე თვალს ხუჭავენ.

"ევროპაში მარტივი რამ ხდება. წამყვანი პარტიები ჯერჯერობით ვერ გადაერკვნენ ახალ რეალობაში. ახალი რეალობა კი არის ის, რომ ევროპის მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებს მიგრანტების დიდი ტალღა. ამ პრობლემაზე მმართველი პარტიები თვალს ხუჭავენ, არ უნდათ აღიარონ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებთ მიგრანტების დიდი ტალღა.

ამის აღიარება თუ არ გინდა და სირაქლემასავით თუ იქცევი, გამოჩნდება პოპულისტური პარტია, რომელიც ითამაშებს მოსახლეობის ამ განწყობაზე და ასეც ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონთ თუ არა მემარჯვენე პოპულისტური პარტიები.

ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრს. ჯერჯერობით ევროპაში წამყვან პარტიებს ვერ გაუაზრებიათ, რა რეალობაში აღმოჩნდნენ. ანტიმიგრანტულ თემებზე მუშაობს ლეპენის პარტიაც. ამიტომაც დაამარცხა მაკრონის პარტია", - აცხადებს შარაშენიძე.

ექსპერტის თქმით, რეალობას მოკლებულია ის თეორია, რომ ევროპაში პროცესები მართულია და შეიძლება, არეულობის უკან რუსეთი იდგეს.

"რუსეთს შეუძლია, ამ პროცესებს ხელი შეუწყოს, მაგრამ როგორ შეიძლება, რუსეთმა მთელი ევროპა და ამერიკა მართოს? თუ ასეთი მაგარია და მსოფლიოს მართავს, მაშინ საქართველოს თავიდან ბოლომდე დღემდე როგორ ვერ მართავს. ამიტომ მგონია, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები მართული არ არის.

ევროპარლამენტს არ აქვს ისეთი ძალაუფლება, ყველაფერს წყვეტდეს. მაგრამ ეს ყველაფერი სიგნალი უნდა იყოს ცენტრისტული ხელისუფლებებისთვის, რომ მათ თავიათი მიდგომები შეცვალონ“, - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისათვის, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა ევროპარლამენტში პოზიციები გაიუმჯობესეს. საფრანგეთში მარინ ლე პენის "ეროვნულმა გაერთიანებამ“ პირველი ადგილი დაიკავა 24 პროცენტით და გაუსწრო პრეზიდენტ მაკრონის მმართველ პარტიას (22,5%).

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მთლიანობაში ევროპარლამენტში მანდატები ასე განაწილდა: მემარცხენეები - 38, სოციალ-დემოკრატები - 150, მწვანეები - 70, ლიბერალები - 107, მემარჯვენე-ცენტრისტები - 179, კონსერვატორები - 58, პოპულისტები - 56, მემარჯვენე ნაციონალისტები 58, დამოუკიდებლები - 7, სხვები - 28.