3 ივნისს წარმატებული ქალბატონები პოდიუმზე გამოვლენ
3 ივნისს წარმატებული ქალბატონები პოდიუმზე გამოვლენ

A+ A-

14:23 31/05/2019

ლიკა ყაზბეგი წარმატებულ ქართველ ქალბატონებს პოდიუმზე ეპატიჟება. პროექტში ბევრი წარმატებული ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას. ქალბატონებთან ერთად, პოდიუმზე წარმატებული მამაკაცებიც გამოვლენ.

როგორც "2020NEWS“-ს პროექტის ავტორმა, ლიკა ყაზბეგმა განუცხადა, წელს პირველად დაარღვევს ტრადიციას და ჩვენებას ბავშვები არ გახსნიან.

  

"ჩემს პროექტებს ყოველთვის კარგი გამოხმაურებები აქვს ხოლმე. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო „წარმატებული ქალი პოდიუმზე“, რომელსაც დავამატე მამაკაცების დეფილე. ჩემთვის ინსპირაციის წყარო იყო "პრადას“ ჩვენება, რომელშიც მონაწილეობას ჰოლივუდის მსახიობები იღებდნენ.

მეც რამდენიმე წლის წინ ჩვენებაზე გამოვიყვანე მამაკაცები. ყოველი სიახლე არის ხოლმე ერთგვარი დატესტვა. თუ ხალხს მოეწონება, მერე ვიმეორებ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, წელს ბევრი მამაკაცი არ გამყავს პოდიუმზე, ჩვენებაში დაახლოებით 10 პოპულარული მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ: მაია ბარათაშვილი, დინი ვირსალაძე, ანი მიროტაძე.... მოდით, დანარჩენების ვინაობა სიურპრიზად დავტოვოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მოძრაობის თეატრის ხელმძღვანელს, კახა ბაკურაძეს, რომ საშუალება მოგვცა, მის სივრცეში გამემართა ჩვენება.

 

მონაწილეების ჩაცმულობაზე დიზაინერები ნინო გოგიბერიძე და მაკა ნაცვლიშვილი ზრუნავენ. ცალკე დეფილე იქნება ნინო გოგიბერიძის მოდელების, რომელიც ქართულ მოტივებზე იქნება აგებული.

დეფილეში მონაწილეობას მიიღებენ ჩემი სამოდელო სააგენტოს ყოფილი მოდელები, რომლებიც დღეს წარმატებული მოდელები არიან“, - განაცხადა სააგენტოსთან საუბარში ლიკა ყაზბეგმა.

ლიკა ყაზბეგის ჩვენება 3 ივნისს 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში გაიმართება.