ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის ექსკლუზიური პროექტი – „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ აამოქმედა
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის ექსკლუზიური პროექტი – „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ აამოქმედა

A+ A-

17:36 05/06/2019

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის ექსკლუზიური პროექტი აამოქმედა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც 54 მოსწავლეს უკვე შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი პროფესიის შერჩევისას“, – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა ექსკლუზიური პროექტის პირველი, საგაზაფხულო ეტაპის დახურვისას განაცხადა.


„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა. პროექტი და შესაბამისად, პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს შეისწავლიან, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მისი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა.


როგორც რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, პროექტის პირველი ექსპრესკურსი თემით „რა არის ბიზნესი“, ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა. დეკანის თქმით, ექსპრესკურსი თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა სკოლის 54-მა მოსწავლემ გაიარა და მათ შესაბამისი სერთიფიკატებიც გადაეცათ.


„ტექნიკური უნივერსიტეტის ამ სოციალური პროექტის მიზანია, გზა გაუკვალოს ახალგაზრდებს, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში შესაძლებელია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. მიღებული ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ პროფესიის უკეთ დაუფლებაში. ეს ერთგვარი ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. პროექტში მონაწილეობა, სრულიად უსასყიდლოდ, რუსთავისა და თბილისის სკოლებს შევთავაზეთ, გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ყველა მსურველის ჩართვა ვერ მოხერხდა, რადგან მოსწავლეთა მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მიღების საშუალება გვაქვს. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. რაც მთავარია, ყველა შეხვედრა ინტერაქტიული იყო და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თამამად გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ - ჩვენმა პროექტმა გაამართლა“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.


ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს. სამწუხაროდ, მოსწავლეები ისე ხდებიან სტუდენტები, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ბიზნესი.


„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მათ ამომწურავი პასუხები გავეცით კითხვებზე: რა არის ბიზნესი და ეკონომიკა, რა არის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, ლიდერობა და ბიზნესეტიკეტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლითაც სკოლის მოსწავლეს, მთლიანობაში, წარმოდგენა ექმნება თავის მომავალ პროფესიაზე. ამ ეტაპზე ცენტრს ხუთკვირიანი სასწავლო პროგრამა აქვს. მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, სწავლების კუთხით, ჩვენი დოქტორანტებიც მონაწილეობენ“, - აღნიშნა მერაბ მიქელაშვილმა.


მოსწავლეთა მაღალი დაინტერესების გათვალისწინებით, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრისთვის“ სამიზნე ჯგუფების მობილიზებას საქართველოს რეგიონებშიც გეგმავს. მოსწავლეთა მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური უნივერსიტეტი რეგიონების სკოლებს ექსპრესკურსებს ონლაინ რეჟიმშიც შესთავაზებს.