ჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოშიმშილე ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოშიმშილე ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

A+ A-

03:06 16/10/2018

ჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოშიმშილე ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „2020NEWS“-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი საავადმყოფოში გადაყვანა რამდენჯერმე გახდა საჭირო. ერთ-ერთ მოშიმშილეს მიკრო-ინფარქტის ნიშნები დაუდგინდა. მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ დღეს შიმშილობის მე-14 დღეა. 3 ახალგაზრდა – პეტო ოვანოვი, ბექა ჭუმბურიძე და ლევან მასხარაშვილი ჭიათურის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობენ.

როგორც ცნობილია, ჭიათურაში პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ სამმა ახალგაზრდამ პირი ამოიკერა.

როგორც „2020NEWS“-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, საპროტესტო აქცია, რომელიც 3 კვირის წინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს, არ დასრულდება მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება.

„ამ ფორმას მივმართეთ მას შემდეგ, რაც ჩვენს სამართლიან მოთხოვნას, რომ გადადგეს პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე, ყურადღება არ მიაქცია არავინ, არც ადგილობრივი ხელისუფლების და არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ჩვენი მოთხოვნა კი იმ უკანონობას უკავშირდება, რომელსაც ბატონი ჩხიტუნიძე და ბატონი გიგაური ახორციელებენ ჭიათურაში. მათი ქმედებები ყველა ზღვარს ცდება. სულ ბოლო შემთხვევა იყო 9 უდანაშაულო ბიჭის დაკავება. აქედან 8-ს ჯარიმა გადაახდევინეს, ხოლო ერთი პატიმრობაში დატოვეს. არადა, საერთოდ არაფერი დაუშავებიათ ამ ბიჭებს. ინციდენტი 2 კვირის წინ მოხდა, როდესაც საკუთარ უბანში მყოფ ახალგაზრდებს დაადგნენ პოლიციელები და განყოფილებაში წასვლა მოსთხოვეს აბსურდული ბრალდებით, თითქოს ავტომატიდან გაისროლეს. უდანაშაულო ადამიანი რომ თავის თავზე დანაშაულის ჩადენას არ აიღებს, რატომ არის უცხო ამათთვის, არ ვიცი. ჩვენ აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ამათ თავგასულობას. უნდა მოგვაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ, ცუდი რაღაცეები ხდება ჭიათურაში“, – განუცხადა „2020NEWS“-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობებს არ დატოვებენ, აქცია უფრო მასშტაბური და მრავალრიცხოვან გახდება.

„მთელი ქალაქი ჩვენს მხარეზეა, ყველას აწუხებს ის უსამართლობა, რაც აქ ხდება. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენი აქციები უფრო მრავალრიცხოვანი და მასშტაბური გახდება. მოგვაშორონ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პოლიციელები და ზონდერები ამ ქალაქიდან, რომლებმაც ძალადობის მეტი არაფერი იციან“, – აცხადებს ჭუმბურიძე.