"მედია უნდა მოერიდოს მსხვერპლის რეტრავმატიზაციას, ფსიქოთერაპევტებიც კი ბეწვის ხიდზე გადიან, როცა ადამიანი ტრავმაზე საუბარს იწყებს"
"მედია უნდა მოერიდოს მსხვერპლის რეტრავმატიზაციას, ფსიქოთერაპევტებიც კი ბეწვის ხიდზე გადიან, როცა ადამიანი ტრავმაზე საუბარს იწყებს"

A+ A-

13:21 10/06/2019

მედია უნდა მოერიდოს მსხვერპლის რეტრავმატიზაციას. ვისურვებდი, რომ არა მარტო რესპონდენტი მედიაში, არამედ ნებისმიერი ადამიანი, არასოდეს ვნახო მიყვანილი ასეთ მდგომარეობამდე , - ამის შესახებ ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ გერსამია სოციალურ ქსელში წერს და გადაცემა "კვირის აქცენტებში" ზაზა სარალიძის ემოციურ განცხადებებს ეხმაურება.

“მედია უნდა მოერიდოს მსხვერპლის რეტრავმატიზაციას, ყოველთვის. ფსიქოთერაპევტებიც კი ბეწვის ხიდზე გადიან, როცა ადამიანი ტრავმაზე საუბარს იწყებს და მოვლენებს იხსენებს... ამ პროცესის მართვას და ამ ადამიანისთვის არადამაზიანებელი (ხელახალი ტრავმისგან დაცული) საუბრის წარმართვას სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაცია და განსაკუთრებული მომზადება. ამისთვის ხშირად, წლების მანძილზე მიღებული გამოცდილებაც არ კმარა, ფსიქოთერაპევტებისთვისაც კი.
იმპროვიზაციები ასეთ დროს შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო და/ან ახალი ტკივილის მომტანი. რომ არ ჩამოვთვალო ბევრი, ძალიან ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ამიტომ, როგორც მედიაფსიქოლოგი ვისურვებდი, რომ არა მარტო რესპონდენტი მედიაში, არამედ ნებისმიერი ადამიანი, არასოდეს ვნახო მიყვანილი ასეთ მდგომარეობამდე. და როცა იგივე სურთ ჟურნალისტებს და მაყურებელსაც - ერთადერთი სწორი რეაგირება არის მეტი ემპათიის, სიყვარულის, თანაგრძნობის ჩვენება და დაფიქრება. ვისაც როგორ შეგვიძლია (სიტყვით და უსიტყვოთ): უბრალოდ, ადამიანის ემოციური თანადგომა!“, - წერს გერსამია.

შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ეთერში მწვავე და ემოციური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და თუკი ვინმე წინ გადაუდგება, ყველას შესაბამის პასუხს გასცემს.
სარალიძემ ასევე მოუწოდა საზოგადოებას და ოპოზიციას, რომ მისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებებას ნუ შეეცდებიან.