ცეკას ინსტრუქტორი, ყეყეჩი და მშვიდი ირაკლი კობახიძე - ხმაური პარლამენტში
ცეკას ინსტრუქტორი, ყეყეჩი და მშვიდი ირაკლი კობახიძე - ხმაური პარლამენტში

A+ A-

13:36 11/06/2019

დღეს პლენარული სხდომა დაპირისპირებისა და ურთიერთ შეურაცხყოფების ფონზე წარიმართა. დაპირისპირება შუალედური არჩევნების შეფასებას მოჰყვა. "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდი კრიმინალურ სამყაროსთან ალიანსში დაადანაშაულა.

"თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გული გადამიხსნა უბანზე, მითხრა, რომ ისეთ ხალხთან ვიღებთ ვალდებულებებს, ამას რა მოჰყვება, არ ვიციო. მე გეტყვით, ამას მოჰყვება კრიმინალის ზრდა და უბედურება, რომელიც თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს ყვებით აქ. თქვენი შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს. შეაშრება მას ეს ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ.

თქვენ აქ ხშირად საუბრობთ ხოლმე წარსულზე. რეჟიმზე. მინდა გკითხოთ, კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი, ფაშისტურის გარდა, რომელი იყო? ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაამხო, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ვინც ბოლოსაც კი, 9 აპრილს მოქალაქეები დაარბია. თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკას ინსტრუქტორი, გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში წავიდა 9 აპრილის მერე, გყავთ გუგული მაღრაძე და ვის უკითხავთ თქვენ მორალს?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპონენტის ბრალდებებს გამოეხმაურა გია ვოლსკი და აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებია.

"რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს - არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არიან პატრიოტები და რომლებსაც თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორიც თქვენ ხართ და არიან კიდევ პოლიტიკური ლიდერები,... შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია”, - მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას.

ამ შეფასებების შემდეგ ერთმანეთს გიგა ბოკერია და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც. დაპირისპირების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მოითხოვა, რომ გიგა ბოკერიას კოლეგების მიმართ ბოდიში მოეხადა, ან დარბაზიდან გაეძევებინათ.

ზაზა პაპუაშვილის გამოსვლა, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ძალადობრივ ქმედებად შეაფასა და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა.