მაიკ პომპეუს გზავნილებში საგანგაშო არაფერია -  თამარ ჩუგოშვილი
მაიკ პომპეუს გზავნილებში საგანგაშო არაფერია -  თამარ ჩუგოშვილი

A+ A-

12:32 12/06/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეუს გზავნილებში საგანგაშო არაფერია.

"არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, რაც თავადაც ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელების ძირითად მიმართულებებს. ამ წლების განმავლობაში რეფორმების კუთხით ქვეყანამ ძალიან დიდი გზა გამოიარა, მაგრამ ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს გზა დასრულებული არ არის და ინსტიტუციების გაძლიერების პროცესში ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი.

ამას ვაკეთებთ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით და მათთან პარტნიორობით. ამიტომ არაფერი ამაში საგანგაშო არ არის. ეს არის პარტნიორთან ჩვეულებრივი თანამშრომლობა. ისინი ხელს უწყობენ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის დაფინანსების კუთხითაც და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ იმ თემებზე გაკეთდა ამ გამოსვლაში აქცენტი, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება,"- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს შესახებ განცხადება რამდენიმე მიმართულებით გააკეთა. უპირველესად მან პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის საკითხი და იქვე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემას და დემოკრატიულ არჩევნებს "წახალისება" სჭირდება. ამასთანავე, იგი შეეხო ანაკლიის პორტის საკითხს და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს.

მისივე თქმით, აშშ-ის ურთიერთობა საქართველოსთან გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა.