ეს არის ბოლო გაფრთხილება - ეკა ბესელია მაიკ პომპეუს გზავნილებზე
ეს არის ბოლო გაფრთხილება - ეკა ბესელია მაიკ პომპეუს გზავნილებზე

A+ A-

12:36 12/06/2019

ეს არის ბოლო გაფრთხილება“, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეუს გზავნილებს.

დეპუტატი აქვე დასძენს, რომ მმართველ გუნდს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გზავნილების სათავისოდ შეფუთვა არ გამოუვა.

"ამ გზავნილში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ყურში კი არ გვეჩურჩულება და ჩუმად კი არ გვკარნახობს იმას, რაც პარტნიორებს არ მოსწონთ, არამედ ეს არის შეშფოTების და წუხილის საგანი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პომპეუს გზავნილები ეხება საქართველოს მართლმსაჯულების თემისადმი სუსტ, არადემოკრატიულ ნაბიჯებს, ასევე საარჩევნო გარემოს და საარჩევნო კოდექსში შესატან აუცილებელ ცვლილებებს. გზავნილი ეხება ანაკლიის პორტის თემას, სადაც არ შეიძლება იყოს ასეთი სახიფათო მანევრები.

"ეს გზავნილები არის ძალიან ღია და მკაფიო. ეს არის ძალიან უარყოფითი და კრიტიკული განწყობები იმ ცუდი ნაბიჯების გამო, რასაც მმართველი პარტია დგამს ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თემისადმი. მართლმსაჯულება და სასამართლო განაპირობებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. როდესაც ეს წუხილია, პირდაპირ აისახება საარჩევნო გარემოზეც. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია შესატანი, მხოლოდ დაპირებები არ უშველის ამ ამბავს. ამას სჭირდება ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და ღია მზაობის დემოსტრირება.

მისივე თქმით, აშშ-ის ურთიერთობა საქართველოსთან გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა.

ეს არის ბოლო გაფრთხილება. მე მგონია, ვისაც ესმის ეს ენა და ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, დიპლომატიაზე, ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის, რასაც გველაპარაკებიან პირისპირ, ან დახურულ სივრცეში, გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით ჩვენ და ვერაფრით გავაგებინეთ "ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს შესახებ განცხადება რამდენიმე მიმართულებით გააკეთა. უპირველესად მან პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის საკითხი და იქვე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემას და დემოკრატიულ არჩევნებს "წახალისება" სჭირდება. ამასთანავე, იგი შეეხო ანაკლიის პორტის საკითხს და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს.