პარლამენტის ეთიკის საბჭო დეპუტატებს შემოდგომიდან "დასჯის“
პარლამენტის ეთიკის საბჭო დეპუტატებს შემოდგომიდან "დასჯის“

A+ A-

14:19 12/06/2019

პარლამენტში ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა მედიისთვის დახურულია.

როგორც სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრმა ირინა ფრუიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. იმსჯელებენ დებულების საკითხზე, საჩივრის ფორმებზე.

„გასაწერია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები დებულებაში. შესამუშავებელია სხვადასხვა ფორმა- სარეკომენდაციო ბარათის ფორმა, ინტერესთა კონფლიქტის ფორმა. უნდა გაიწეროს თავმჯდომარის და თანათავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე საბჭოს წევრის გაწვევის წესი“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

ვინაიდან საორგანიზაციო საკითხებია მოსაგვარებელი, ეთიკის საბჭო გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირების საკითხსაც ვერ განიხილავს.

როგორც ფრუიძე ამბობს, ჯერ საჩივრის ფორმაც არ არსებობს.

მისი თქმით, ეთიკის საბჭო თავისი ფუნქციებს სრულფასოვნად საშემოდგომო სესიიდან განახორციელებს. 

„სანამ ეთიკის საბჭო სრულყოფილად დაიწყებს ფუნქციონირებას და თუ ამ პერიოდში მოხდება დარღვევა, შესაძლებელი იქნება შემდგომ შემოიტანოს საჩივარი ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც თვლის, რომ მისი უფლებები იყო დარღვეული. ვფიქრობ, აქტიური განხილვები საშემოდგომო სესიაზე იქნება. იმედი მაქვს, ამის საჭიროება არ გვექნება, და არ იქნება იმდენი დარღვევა, რომ ბევრი განხილვა დაგვჭირდეს. მაგრამ, შესაძლებლობა გაჩნდება“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

დეპუტატის „სადამსჯელო ღონისძიება“ მხოლოდ მისი რეპუტაციის შელახვა იქნება.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, თუ დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევა დაფიქსირდება, ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნება იმ პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია კოდექსი, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.

"ამ ეტაპზე ოპოზიციასთან ერთად მივაღწიეთ კონსესუსს, რომ დასაწყისისთვის მხოლოდ ეს სანქცია ყოფილიყო. შეიძლება მომავალში დამატებითი სანქციების გაჩენაზეც ვიფიქროთ, მაშინ, როცა ეთიკის საბჭო კარგად დაიწყებს მუშაობას და გარკვეული გამოცდილება გაჩნდება, მზად იქნება პარლამენტი იმისათვის, რომ ეთიკის კოდექსს უფრო მკაცრი სანქციები დაემატოს“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

ირინა ფრუიძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ სანქციას შედეგი ექნება.

"პარლამენტის წევრისთვის ფინანსურ სანქციებზე მეტად მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ის, რომ სავარაუდო დარღვევის განხილვა მიმდინარეობს ოფიციალურად და შეიძლება ამის შემდეგ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდეს“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ 

პარლამენტის ეთიკის საბჭო შემადგენლობაში არიან დეპუტატები: - ირინა ფრუიძე, ნინო წილოსანი, რუსლან გაჯიევი, კობა ლუსმანაშვილი, გენადი მარგველაშვილი, რატი იონათამიშვილი, რუსლან პოღოსიანი, ოთარ კახიძე, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე, მამუკა ჩიქოვანი, ემზარ კვიციანი, ეკა ბესელია და რამაზ ნიკოლაიშვილი. 

ეთიკის საბჭოს ეყოლება თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე. ერთი მათგანი იქნება საპარლამენტო უმრავლესობიდან, მეორე ოპოზიციიდან.