ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილებზე მედპუნქტები იფუნქციონირებს
ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილებზე მედპუნქტები იფუნქციონირებს

A+ A-

15:30 12/06/2019

ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილებზე მედპუნქტები იფუნქციონირებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა მაღაროელების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ და იმ შეთანხმების დეტალები განიხილეს, რომელიც მაღაროელების 13-დღიანი გაფიცვის შემდეგ იქნა მიღწეული.

"ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა - მუშები იყვნენ უზრუნველყოფილნი სათანადო ჯანდაცვით.

მაღაროელებისათვის ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ კი  მათ  საჩხერის საავადმყოფო მოემსახურებათ, რომელიც უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. ასევე შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული, შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც“,- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, 27 მაისს, ჭიათურაში 13-დღიანი საპროტესტო აქცია მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით და მაღაროელების მოთხოვნების ძირითადი ნაწილის დაკმაყოფილებით დასრულდა.