პერსონალური ანგარიშსწორებები პარლამენტის სირცხვილია - ეკა ბესელია
პერსონალური ანგარიშსწორებები პარლამენტის სირცხვილია - ეკა ბესელია

A+ A-

18:07 12/06/2019

"პერსონალური ანგარიშსწორებები პარლამენტის სირცხვილია“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელს არ აწერს არც ერთ გადაწყვეტილებას, რომ ეკა ბესელია ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწროს.

ეკა ბესელიამ ამ ფაქტის შეფასება სთხოვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო ქაცარავას.

ის, რაც მოხდა დელეგაციასთან დაკავშირებით, მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეცვლა იანვრის ჩათვლით არ შეიძლებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა წერილიც კი გამოაგზავნა და ნათლად ახსნა, რომ არ შეიძლება დელეგაციის წევრებს პრობლემა შეუქმნა და საქართველოს მხარემ ეს ვალდებულება უნდა დაიცვას.

ამის შემდეგ, არც მე და არც ზვიად კვაჭანტირაძეს არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ იმ სხდომებს დავესწროთ, პარლამენტის თავმჯდომარე არც ერთ გადაწყვეტილებაზე ხელს არ აწერს.

ასეთ შემთხვევაში, როგორია თქვენი პოზიცია, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის?“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას საპასუხოდ სოფო ქაცარავამ განაცხადა, რომ დელეგაციის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი კვირა იდებატეს და დამატებით საუბრის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ეკა ბესელიამ კი სოფო ქაცარავს ეს პასუხი გააკრიტიკა.

"თქვენ კი აარიდეთ თავი, რომ პასუხი გაგეცათ, მაგრამ არ ვაპირებ ეს თემა მივაჩუმათო. ეს ეხება ქვეყნის და პარლამენტის პრესტიჟს.

ვხედავ ოპოზიციასთან როგორ ურთიერთობს უმრავლესობა და მსგავსი პრობლემები მათაც კი არ შექმნიათ, ეს პერსონალური ანგარიშსწორებები პარლამენტის სირცხვილია. თქვენი კომიტეტი ამას ყურადღებას უნდა აქცევდეს, ელემენტარული წესების დაცვისკენ მოგიწოდებთ მე. ასე არ მოქცეულა პარლამენტი არასოდეს, არავის მიმართ.

"პასუხს არ გავცემ ამას და საჭიროდ არ მიმაჩნია“ -  უკაცრავად მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარე ანგარიშით რომ გამოდის, აქ თავის მოსაწონებლად კი არ უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთს ვეკეკლუცოთ, ელემენტარულ საკითხებზე პრინციპული პოზიციის გამოხატვა უნდა.

პარლამენტში მოსვლა არ არის მარტო თანამდებობაზე ყოფნა, რაღაცეებს პატივი უნდა ვცეთ. ამიტომაც გეუბნებით საჯაროდ. მე დავამთავრე ჩურჩულით და ხათრით ლაპარაკის ეტაპი, უხერხულია პარლამენტისთვის, როდესაც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წერილს გიგზავნის და დამარცვლით გეუბნება, ვალდებული ხარ დელეგაციის წევრებს მისცე შესაძლებლობა სხდომაზე დასწრების, ხვალ სხდომაა და მე იმიტომ ვერ მივდივარ, რომ ირაკლი კობახიძეს წერილზე პასუხის გაცემის გამბედაობა არ ჰყოფნის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია ასეთ საკითხებზე. ამიტომ კეკლუცობა კი არ გვინდა, პრინციპულობაა საჭირო“, - მიმართა ეკა ბესელიამ სოფო ქაცარავას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება“ დატოვეს,  მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაც დაატოვებინეს. ამის მიზეზად "ქართულმა ოცნებამ“ ის გარემოება დაასახელა, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში "ქართული ოცნების“ კვოტით იყვნენ წარდგენილი.