13 ივნისის სტიქიური უბედურებიდან ოთხი წელი გავიდა
13 ივნისის სტიქიური უბედურებიდან ოთხი წელი გავიდა

A+ A-

10:27 13/06/2019

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ოთხი წელი გავიდა, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დღემდე უგვზო-უკვლოდ არის დაკარგული.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ დაანგრია საცხოვრებელი სახლები, თბილისის ზოოპარკი, ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი და პარკი „მზიური“.

უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი. სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად 90 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ავტომაგისტრალზე მოძრაობის აღდგენა კი მხოლოდ 2016 წლისთვის მოხერხდა.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, ზოოპარკის გარეთ აღმოჩნდა ბეჰემოტი  ბეგიც. ცხოველების ნაწილი ლიკვიდირებული იქნა, ნაწილი ზოოპარკის თანამშრომლებმა დააბრუნეს ვოლიერებში, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, ქალაქში მტაცებელი ცხოველები აღარ იყო, 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. 

ადიდებულმა მდინარე ვერემ ოთხი  წლის წინ ათასობით ახალგაზრდა დააყენა გვერდიგვერდ. 13 ივნისის ღამეს სოციალური ქსელითა და მედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე არაერთ ადამიანს მოუყარა თავი. მომდევნო დღიდან მათი ერთსულოვნება ნამდვილ სამოქალაქო მოძრაობად იქცა. 

ჯერ შიშველი ხელებით, შემდეგ კი უკვე ნიჩბებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა დატბორილი, მიწამიყრილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. იმ დღეებში თბილისის ქუჩებში მრავლად შეხვდებოდით მუხლებამდე ტალახმიმხმარ ახალგაზრდებს. თუკი მოქალაქეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა.

მიუხედავად მძიმე და სახიფათო სამუშაოსი, თავდაპირველად მათ თითქოს ქაოტურად, დაუფიქრებლად შეუტიეს  სტიქიის შედეგებს. როგორც  სტიქიის ზონაში მომუშავე ახალგაზრდები ამბობენ, 13 ივნისის სტიქია მოხალისეების გაერთიანების საუკეთესო მაგალითად იქცა. მათივე თქმით, ეს იყო უპრეცედენტო მაგალითი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომისა. 

სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა რამაც მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

მიუხედავად ქალაქის ხელისუფლების დაპირებისა, რომ ვერეს ხეობას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭებოდა, რაც გამორიცხავდა მის ტერიტორიაზე მსხვილ განაშენიანებას, ხეობაში დღემდე არ შემწყდარა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

2016 წელს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კუნძულზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დაირგო, ასევე, სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ცნობისთვის, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა.