მამუკა ბახტაძეს გეგმების განხორციელებაში ხელს უშლიან - მამუკა არეშიძე
მამუკა ბახტაძეს გეგმების განხორციელებაში ხელს უშლიან  -  მამუკა არეშიძე

A+ A-

13:25 13/06/2019

“მამუკა ბახტაძეს ძალიან კარგი გეგმები აქვს, მაგრამ რეალიზაციის თვალსაზრისით, ზოგ შემთხვევაში, საქმე უფუჭდება ხოლმე. არსებობს გარემოებები, რომლებიც იმ გეგმების რეალიაზციას უშლიან ხელს, რომელებიც პრემიერ-მინისტრის მიერ არის შედგენილი“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან კავკასიის საკითხებში პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ქვეყანაში სამთავრობო ვერტიკალი ძალიან სუსტია და  მთავრობის საქმიანობაში ვისაც არ ეზარება, ყველა ერევა.

- ბატონო მამუკა, მოქმედი შს მინიტრისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის გიორგი გახარიას გაპრემიერების შესახებ მედიაში ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. თქვენი მოსაზრებით, უახლოეს მომავალში სამთავრობო ვერტიკალში გამორჩეული მინისტრი გახარია “ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა, დაინიშნოს?

- სიმართლე გითხრათ, გიორგი გახარიას გაპრემიერებაში ეჭვი მეპარება, რადგან ქვეყანაში აღნიშნულის აუცილებლობა არ არსებობს. თანაც,  გარდა იმისა, რომ გახარია შს მინისტრია, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობასაც იკავებს, რომელმაც აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს, აქედან გამომდინარე, არარელევანტური იქნება, თუ საბჭოს მუშაობა გაჩერდება და სამთავრობო გუნდში თანამდებობრივი კარუსელის განხორციელება დაიწყება.

- არსებობს მოსაზრება რომ გიორგი გახარიას გაპრემიერებას “ქართული ოცნების“ ლიდერშიფთა ნაწილი უშლის ხელს. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა ნაწილს მისი, როგორც  ისედაც მაღალი გავლენების მქონე მინისტრის კიდევ უფრო გაძლიერება ენდომება?

- გიორგი გახარიას გაპრემიერებაში ბიძინა ივანიშვილს ხელს ვინმე უშლის?!  აღნიშნული სახის გადაწყვეტილებებს პარტიის თავმჯდომარე იღებს. გახარიას გაპრემიერება და ბახტაძის გადაყენება დღეს აქტუალური არ არის.

გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე ხშირად იმიტომ მოიაზრებენ, რომ მან შს მინისტრის პოსტზე თავი გამოიჩინა, ის ქვეყნაში არსებული უსაფრთხოების სისტემების კურატორია. შს მინისტრის თანამდებობა გახარიასთვის და ქვეყნისთვისაც მოსახერხებელია. მისი სხვაგან გადაყვანა და ახალი შს მინისტრის ძებნა სწორი არ იქნება.

- მამუკა ბახტაძე, რომელიც პრემიერის თანამდებობას ერთ წელზე მეტია, იკავებს, (იერარქიის მიხედვით) დამოუკიდებლად და  ეფექტურად მოაზროვნე ქვეყნის პირველი პირია? ასევე, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ გაწეული საქმიანობა შედეგზე ორიენტირებულია?

- მამუკა ბახტაძეს ძალიან კარგი გეგმები აქვს, მაგრამ რეალიზაციის თვალსაზრისით, ზოგ შემთხვევაში, საქმე უფუჭდება ხოლმე. არსებობს გარემოებები, რომლებიც იმ გეგმების განხორციელებაში უშლიან ხელს, რომელებიც პრემიერ-მინისტრის მიერ არის შედგენილი. ეს არის მთავრობაში არსებული გაუთავებელი ციებ-ცხელება.  გარდა ამისა, ქვეყანაში სამთავრობო ვერტიკალი ძალიან სუსტია,  მთავრობის საქმიანობაში ვისაც არ ეზარება, ყველა ერევა. აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხდვით, ქვეყანაში კორუფციის დონე მაღალია. ასეთ პატარა ქვეყანაში შეზღუდული ბიუჯეტის ფონზე, 66 მილიონია გამქრალი, რაც მძიმე შედეგია.

- 2020 წლის არჩევნებამდე “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით ეუთო-ს რეკომენდაციების გაზიარების მზაობას გამოთქვამს. აღნიშნულში  მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები მოიზრება თუ  “ოცნება“ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებაც დათანხმდება?

 - “ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ სისტემას არ გააუქმებს, რადგან მმართველი პარტიისთვის აღნიშნული სისტემა გამარჯვების ძალიან მაღალ გარანტიას იძლევა. როცა ოპოზიცია ხელისუფლებაში იყო მაჟორიტერული სისტემის გაუქმებას კბილებიც იცავდა. მთავარია, არჩევნები სწორად ჩატარდეს. ბიზნესმენები მაჟორიტარი დეპუტატობის სიაში იმიტომ არ უნდა შეიყვანო, რომ საარჩევნო პროცესში ფული დახარჯონ.  
 


ავტორი: ეკატერინე ზარნაძე