"არის არაერთი ხარვეზი და გამოსწორება სჭირდება, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს"
"არის არაერთი ხარვეზი და გამოსწორება სჭირდება, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს"

A+ A-

13:54 13/06/2019

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობა ხარვეზიანია და ის უნდა დაიხვეწოს.

მან სხვადასხვა სახის ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ცრუ კანდიდატების არსებობის საშუალებას იძლევა, რომლებიც ორჯერ მეტ სახელმწიფო რესურსს და საეთერო დროს იყენებენ.

ასევე თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური პირი და არა პოლიტიკოსი. მხარდამჭერების მონაცემების გადამოწმება კი ელექტრონული წესით უნდა ხდებოდეს.

"მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდი და პარლამენტში უმრავლესობა საკუთარი ინიციატივით ქმნის იმ სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მომავალი წლის არჩევნებამდე ბევრად ადრე უნდა დაიწყოს და დაასრულოს მუშაობა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რომელიც ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობას რა თქმა უნდა აქვს.

ჩვენ თუნდაც უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ფარგლებში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილეთ ე.წ. ცრუ კანდიდატები, როდესაც ერთიდაიგივე პოლიტიკურ ძალას ჰყავდა ორი კანდიდატი, ერთი რეალური, მეორე არარეალური, მაგრამ ორი კანდიდატის ყოლით იღებდა ფინანსურ დახმარებას, სარგებლობდა საეთერო დროთი. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ კანონს აქვს ხარვეზი. არის არაერთი ხარვეზი და ამ ყველაფერს გამოსწორება სჭირდება, იმისათვის, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს.

ასევე ჩემთვის პრიორიტეტულია ის რეკომენდაცია, რომ კანონმა ჩამოაყალიბოს, თუ ვის აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი, რადგან ის უნდა იყოს ნეიტრალური პირი და არა პოლიტიკოსი, რომელიც შეიჭრება საარჩევნო უბანზე და თავს გაყიდის დამკვირვებლად, იმიტომ, რომ ბეიჯი აქვს კისერზე დამკვირვებლის და ამით ურევს პროცესს, ამის საშუალებას დღეს კანონი იძლევა და ამიტომ არის ეს კანონი ხარვეზიანი.

ასევე მხარდამჭერების მონაცემების გადამოწმების საშუალება უნდა არსებობდეს. დღეს ამ მონაცემების გადამოწმება ხდება ხელით, ეს არის ხარვეზიანი პროცესი და ჩვენი შეთავაზება სავარაუდოდ, იქნება, რომ ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ და ელექტრონული წესით ხდებოდეს, როგორც მხარდამჭერთა მონაცემების შეგროვება, ასევე მათი გადამოწმება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და პროპორციულზე გადავიდეს, წულუკიანის პასუხი ასეთია: "რაც შეეხება საარჩევნო სისტემას ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს ეს პროპორციული, შერეული მაჟორიტარული, ამ კითხვაზე პასუხი გასცა საქართველოს კონსტიტუციამ, როდესაც ის იქნა მიღებული. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა იცვლება“.

თეა წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია 2020 წლისთვის საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები.