კახა კალაძემ 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო
კახა კალაძემ 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო

A+ A-

13:54 13/06/2019

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მიდიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალთან დედაქალაქის მთავრობის და საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე.

კალაძის განცხადებით,  დავკარგეთ ადამიანები და ის ჭრილობები, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს,  ვერაფერი მოაშუშებს.

"2015 წლის 13 ივნისი ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო როდესაც თენდებოდა 13 ივნისი, ღამით ეს უბედურება მოხდა. რთულია სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე, რამდენად რთული, რამდენად მძიმე იყო იქ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და ის ჭრილობები, ის ტკივილ,ი რომელიც გვაქვს, ამას ვერაფერი მოაშუშებს, ამას უბრალოდ ვეგუებით ადამიანები. სამუშაოებს რაც შეეხება, მას შემდეგ იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო - საგანგაშო სისტემა, ცხაურები, კონკრეტული ლოკაციები იყო მოცემული, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. ყველაფერი რაც იყო რეკომენდებული, ყველაფერი არის გაკეთებული",- განაცხადა კალაძემ.

სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

დღეს თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის"ქანდაკების ესკიზები წარუდგინა.

შეგახსენებთ, დღეს 13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა. 21 დაღუპული, ორი დაკარგული და ასობით დაზარალებული მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.