"შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება"
"შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება"

A+ A-

14:22 13/06/2019

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საარჩევნო თემასთან დაკავშირებით ბევრი სუბიექტური ინტერესია, მაგრამ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება. მას აქვს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეჯერდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პარტიების დაფინანსება და დაფინანსების გამჭვირვალობა, უფასო საეთერო დროის განაწილება, ე.წ სიჩუმის დღისა და საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსის დაცვის საკითხს. „ეს არის ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი. ეუთო/ოდირის-ის მიერ წარმოდგენილია რეკომენდაციები. არის 27 რეკომენდაცია და სამუშაო პროცესი აგებული იქნება სწორედ ამ რეკომენდაციებზე. მსჯელობა გაიმართება თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძე 24 ივნისამდე კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, რომ კანონპროექტი მომზადდეს. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები.