პარლამენტის წევრები და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
პარლამენტის წევრები და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

A+ A-

79

18:05 19/10/2018

ევროპა – ჩვენი ქვეყნის არჩევანი, მშვიდობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, ევროპული განათლების პერსპექტივა – ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა და აწსუ-ს რექტორი გიორგი ღავთაძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის მიმდინარეობის პროცესზე, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები.

თამარ ხულორდავამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და იმ კონკრეტულ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად იღებენ. მან ასევე, აღნიშნა პარლამენტის როლი ამ წარმატებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებთან შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია, ვისაუბროთ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, დღის წესრიგში მდგარ პრიორიტეტებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებობს“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სტუდენტებს, ევროკავშირში საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. დიპლომატებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად თავიანთი ქვეყნების მიერ განვლილი გზა მიმოიხილეს და იმ გზაზეც ისაუბრეს, რომელიც ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის ჩვენმა ქვეყანამ უნდა განვლოს.

„ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას გააჩნია თავისი ისტორია. თქვენ ნამდვილად ხართ აღმოსავლეთ ევროპის შემადგენელი და პარტნიორი ქვეყანა. წევრობისკენ სავალ გზაზე კიდევ უფრო მეტი შრომა და ჯაფა გჭირდებათ, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება გასაწევი“, – აღნიშნა შეხვედრისას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა.

მისი აზრით, რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, ქვეყანამ ის უნდა გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნება.

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან კარგი საფუძველი აქვს.

„თავიდანვე გამაოცა იმ სულისკვეთებამ და ძალისხმევამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება მიმართავს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მოსახლეობამ ცხადად გამოხატა თავისი არჩევანი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ამ ევროპის ქვეყნების ერთობაში გაწევრიანდეს. ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმაზე, რომ საქართველოს დავეხმაროთ მისი სრული პოტენციალის ათვისებაში, იმაში, რომ ქვეყნის ინსტიტუციები მწყობრად მუშაობდნენ, რათა ქვეყანამ მოახდინოს ევროინტეგრაციის გზაზე სწორი სვლა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ გვწამს და გვჯერა საქართველოს მომავლის და ჩვენი ევროპული ერთობის“, – განაცხადა არად ბენკომ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან საკმაოდ განსხვავებული მიდგომებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ევროკავშირის მომავალი, მისი გაფართოების პერსპექტივა და თუ რა ტემპითა და ინტენსივობით უნდა იაროს წინ საქართველომ ევროპულ გზაზე.

„ჩვენი სურვილი ნათელია, მაგრამ ამ გზაზე წარმატების მიღწევა მოითხოვს დაკვირვებულ მოქმედებას. ერთი მხრივ, ჩვენი მზაობა მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ კი, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა დახვდება ჩვენს განაცხადს ევროკავშირის თითოეულ წევრ საელმწიფოში, რადგან გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული. ეს ხელს არ გვიშლის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა გავიმყაროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ძალიან სანდო და წარმატებულმა ქვეყანამ ბევრი მიმართულებით. ინსტიტუტების სიმყარისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ეს გზა აუცილებლად ჩვენი გასავლელია. ამ ყველაფრის პარალელურად, იმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც დღეს შესაძლოა მეტი იყოს სკეპტიციზმი, იმედი მაქვს განწყობები შეიცვლება და ისინი ჩვენს ძალისხმევას დააფასებენ“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.