"ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო"
"ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო"

A+ A-

13:59 17/06/2019

ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა.

დეკანოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც დეკანოზი ლომიძე წერს, სახელმწიფოს დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებს.

„ეს სამი წლის წინანდელი ამბავია. მას შემდეგ, მადლობა ღმერთს, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა დღეს, როცა ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებთ სახელმწიფო ძალაუფლების მტვირთველთ. სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი. ეს უნდა ესმოდეს ყველას!“,- წერს დეკანოზი და ამავე თემაზე 2016 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს ავრცელებს. „მე რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი და სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პირი ვყოფილიყავი, კანონის დაცვის დროს ერთ ნაბიჯსაც არ დავუთმობდი არავის – არც საეროს და არც სასულიეროს. სანამ სახელმწიფო ძალაუფლების მქონენი თითქმის რელიგიურად არ შეიყვარებენ და პატივს არ მიაგებენ თავიანთ მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე, მუდამ საცოდავად დამარცხებულ-დაბეჩავებულები იქნებიან. ზუსტად ისე, ხმაჩაკმენდილ პოლიციელს რომ ეუბნებოდა ცოტა ხნის წინ ერთი სასულიერო პირი – ყურში მოგკიდებ ხელს და გაგათრევ გვერდზეო. სახელმწიფოს ნიშანს (პოლიციას, სამხედროს, მოხელეს და ა.შ.) ვერავინ ვერ უნდა გაუბედოს ეს და თუ გაბედავს, მაშინვე უნდა იგრძნოს სახელმწიფოს უკომპრომისო და სამართლიანი ძალა. მე თვითონ მღვდელი ვარ და ვინატრებდი ასეთ სახელმწიფოს საქართველოში“,- აღნიშნულია დეკანოზის ფეისბუქპოსტში, რომელიც სამი წლის წინ აქვს გამოქვეყნებული.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო