ყველგან წილი აქვს, ახლა ამ ტენდერსაც ლობირებს - ჭიათურის მაჟორიტარი მორიგ სკანდალში ეხვევა
ყველგან წილი აქვს, ახლა ამ ტენდერსაც ლობირებს - ჭიათურის მაჟორიტარი მორიგ სკანდალში ეხვევა

A+ A-

17:36 17/06/2019

"ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლებისთვის კვების ახალი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი დღეს სრულდება. სპეციალურმა კომისიამ ახალი კომპანია უნდა შეარჩიოს. როგორც ჩანს, ვიდრე გამარჯვებული გამოვლინდება, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ბევრი ენერგიის, პირადი კონტაქტების და ნერვების დახარჯვა მოუწევთ.

როგორც "2020NEWS"-თვის ცნობილი გახდა, ახალი კომპანიის შერჩევის პროცესი დიდი ლობირებით მიმდინარეობს.

სააგენტოს ჭიათურიდან აცნობეს, რომ ერთ-ერთი კომპანიის გამარჯვებით პირადად რაიონის მაჟორიტარი, სულხან მახათაძეა დაინტერესებული.

"ამ ეტაპზე უკვე შერჩეულია 3 კომპანია, მათ შორის ერთ-ერთი არის მაჟორიტართან დაახლოებული პირის კომპანია და შესაბამისად, მახათაძე ლობირებს, რომ ამ კომპანიამ გაიმარჯვოს. ვის არ დაურეკა, მათ შორის კომპანიის დროებით მმართველს, ნიკოლოზ  ჩიქოვანს, რომლისგანაც ვერ მიიღო თანხმობა და ახლა ვოლოდიმერ ლოზინსკისთან ცდილობს დარეკვას, რომ იმასთან ჩააწყოს, რომ  გამარჯვებულ კომპანიად მისი ახლობლის კომპანია გამოაცხადონ. არ ისვენებს, ყველგან და ყველაფერში წილი აქვს და ახლა იმ  კომპანიის წილში ყოფნაც მოინდომა, რომელმაც მაღაროელები უნდა გამოკვებოს", - განუცხადა "2020NEWS"-ს ინფორმირებულმა წყარომ. 

აღნიშნული ინფორმაცია "2020NEWS"-მა მახათაძესთან გადაამოწმა: "ეს არის სრული სისულელე. მე არ ვიცი ვინ მოგიტანათ ეგ ჭორი. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული კონკურსი და ეს საკითხი არის "ჯორჯიან მანგანეზის" შიდა სამზარეულო და მე არ მაქვს უფლება და არც სურვილი, რომ მათ საქმეში ჩავერიო.  მე არ ვერევი აღნიშნულ თემაში, ისიც არ ვიცი, რომელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას ამ კონკურსსში. რაც შეეხება ქალაქის ინტერესებს, მოსახლეობის ინტერესებს, კომპანიის ინტერესებს და ზოგადად საერთო ინტერესებს, ასეთ საკითხებში ჩართული ყოველთვის ვარ, თუმცა "ჯორჯიან მანგანეზის" შიდა სამზარეულოში  არასდროს ჩავრეულვარ და არც ჩავერევი, აღნიშნული საკითხი მათი საქმეა და ჩემს გარეშეც გადაწყვიტავენ", - განაცხადა სულხან მახათაძემ.

"ჯორჯიან მანგანეზი“ კი კვების ახალი, გამარჯვებული კომპანიის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებს, მას შემდეგ, რაც კონკურსი დასრულდება.

"მოგახსენებთ, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლებისთვის კვების ახალი კომპანიის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.  კონკურსში რამდენიმე განაცხადი შემოვიდა, რომლის განხილვაც ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, კონკურსში გამარჯვებული არცერთი კომპანია   გამოვლენილა, შესაბამისად,  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას უპირატესობა მიანიჭა, სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ კვების ახალი, გამარჯვებული კომპანიის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებს - მას შემდეგ, რაც კონკურსი დასრულდება", - განუცხადეს "2020NEWS"-ს "ჯორჯიან მანგანეზში“.

სააგენტო დეგუსტაციის პროცესში ჩართულ რამდენიმე მაღაროელსაც დაუკავშირდა, რომლებმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დაადასტურეს, რომ მაჟორიტარი სულხან მახათაძე ლობირებით არის დაკავებული.

"დეგუსტაციის შემდეგ მაღაროელებმა ერთ-ერთი კომპანია დავასახელეთ, რომელმაც გვსურს, რომ გაიმარჯვოს ამ ტენდერში, რადგან მათ შეუძლიათ შემოგვთავაზონ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური და გემრიელი საკვები, თუმცა დეგუსტაციის შემდეგ დასახელდა სამი ლიდერი კომპანია, რომელთაგან ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლის შემოსვლაც მუშებს არ გვსურს, თუმცა, როგორც ვიცით, ამ კომპანიას, რომლის წარმომადგენელიც ვინმე მერაბია, სულხან მახათაძე ლობირებს", - განუცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა "2020NEWS"-ს, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროვებთ. 

დღეს კი, სიციალურ ქსელში ჭიათურის ყოფილი მერის თანაშემწის, ნოდარ ჩაჩანიძის სტატუსი გავრცელდა:

"კიდევ ერთი სამარცხვინო რამ, რაც ჭიათურის და მაღაროელების ინტერესების საზიანოდ ხდება!

როგორც იცით, გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო უკეთესი კვება. ჭიათურაში აქციების შედეგად, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" და სახელმწიფომ, რომელმაც შუამავლის როლი იკისრა, აიღო ვალდებულება, რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა. როგორ "აგვარებენ" ამაზე მინდა დავწერო...

"ჯორჯიან მანგანეზმა" ხელშეკრულება შეუწყვიტა კომპანიას, რომელიც პაუხისმგებელი იყო მაღაროელების კვებაზე და დაიწყო ახალი კომპანიის მოძიება. გამოცხადდა ახალი ტენდერი (კონკურსი). კონკურსში მონაწილე ათამდე კომპანიამ მოაწყო საკვების საჯარო დეგუსტაციაც, რასაც მაღაროელებიც ესწრებოდნენ. მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი და კომპანიები შეფასდნენ შესაბამისი ქულებით. თითქოს ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ხდება...

ამ ეტაპზე უკვე ოფიციალურად გამოიკვეთა სამი ფავორიტი კომპანია და საინტერესოა, რომ მათ შორისაა ერთ-ერთი, რომელსაც მაღაროელებმა აშკარად უარყოფითი შეფასება მისცეს. საქმე ისაა, რომ ჭიათურის მაღალჩინოსნებმა პირდაპირ დაიწყეს ჩარევა ამ პროცესში და ლობირებენ მათთვის სასურველ კომპანიას. მერე რა, რომ სხვებთან შედარებით უარესი ვარიანტია და უარესი საკვებია...

ჭიათურის მაღალჩინოსნები და მათ შორის ჭიათურის დეპუტატი თვლიან, რომ მშვენივრად გაართვეს თავი "მაღაროელების გაფიცვის პროცესს" და თავს უფლებას აძლევენ ასე მოიქცნენ. ისინი "ჯორჯიან მანგანეზისგან" ითხოვენ, რომ კონკურსში აუცილებლად მათთვის სასურველმა კომპანიამ გაიმარჯვოს... მერიის შენობაში კი, ახლადარჩეულ მერთან, კიდევ ერთხელ დაიბარეს მაღაროელები, მათ შორის ისინიც, ვინც დეგუსტაციისას მაღალჩინოსნების ფავორიტი კომპანია დაიწუნეს და აუხსნეს, რომ ნებისმიერი კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, თავად იქნებიან პასუხისმგებელი მის კონტროლზე და სთხოვეს, რომ მათ კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოხატონ...

ბატონებო, არ შეგრჩებათ ასეთი მეთოდებით მუშაობა და მაღაროელებთან ასეთი მოქცევა! ესეც სახელმწიფო ტენდერები ხო არაა, წინასწარ რომაა ყველაფერი გაწერილი?! სამარცხვინოა რასაც აკეთებთ და ძალიან მალე ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება! #უნდადასრულდეს", - წერს ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის ერთ-ერთი მოთხოვნა ნორმალური კვება იყო. "ჯორჯიან მანგანეზმა" მარაროელების ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და იმ კომპანიას, რომელიც მაღაროელების გამოკვებაზე ზრუნავდა, კონტრაქტი გაუწყვიტა. შესაბამისად, ახალი კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის ვადა დღეს იწურება.