"იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო დანარჩენ სამყაროს, ისევე, როგორც დანარჩენმა სამყარომაც ანგარიში უნდა გაგიწიოს შენ"
"იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო დანარჩენ სამყაროს, ისევე, როგორც დანარჩენმა სამყარომაც ანგარიში უნდა გაგიწიოს შენ"

A+ A-

22:48 17/06/2019

ჩვენ, როგორც ქრისტიანებს და ამ ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებს, დიდი დაფიქრება გვმართებს, რომ მხოლოდ ემოციები არ ასაზრდოებდეს ჩვენს ქმედებებს, და არავინ შეძლოს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევა ჩვენი საზოგადოების ემოციური "დამუხტვის“ ხარჯზე, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

"ორიოდ სიტყვით შევეხები საკითხს, რომელმაც მოიცვა უკანასკნელ დღეებში მთელი მედია სივრცე. ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ, როდესაც სახელმწიფო კანცელარიასთან, შეიკრიბა ერთ მხარეს ე.წ. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა მცირე ჯგუფი, მეორე მხარეს - ე.წ. ტრადიციული ორიენტაციის დამცველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ხოლო მათ შორის - პოლიციის კორდონი. ერთ მხარეს ისმის მოწოდება - სახელმწიფოვ, დაგვიცავი, მეორე მხარეს - აგრესიული შეძახილები და მძიმე ბილწსიტყვაობა მეორეთა მიმართ.

რატომ ხდება ეს? ეს ყველას გაფიქრებს! მრავალი კითხვა იბადება. ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემები არსებობს ირგვლივ; ამასთან შედარებით მძიმეც და ნაკლებად მძიმეც. მოცემულ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე - უფლებების დაცვისთვის ბრძოლასთან თუ პრივილეგიების მოპოვებისთვის ბრძოლასთან? ეს არის ღრმა და სერიოზული დაფიქრების საგანი.

...და მაინც, როგორც არ უნდა იყოს, მიგვაჩნია, რომ მთელი პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე ეკისრება სახელმწიფოს!

სავსებით გასაგებია, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ ხიბლავს იმ აზრების საჯაროდ დემონსტრირება, რაც შესაძლოა, პროპაგანდად ჩაითვალოს, სულ მცირე კი მიზნად ისახავს იმას, რომ საზოგადოებას ამ სახის ცოდვის მიმართ გაუქრეს კრიტიკული დამოკიდებულება; ცალსახად მიმაჩნია, რომ ეს არის ცოდვის ერთგვარი პროპაგანდა და ეს არ არის კარგი, მაგრამ მოვლენების განვითარების პროცესს დროში რომ ვაკვირდებით, ამის პარალელურად ყალიბდება დიდი ხიფათის შემცველი ვითარება.

ერთი მხრივ - ნებისმიერი მშობლის ვალდებულებაა, თავის შვილს შეუქმნას განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო (ფიზიკურად, მორალურად, სულიერად), ვიდრე ის სრულ ასაკს მიაღწევს და ჩამოყალიბდება პიროვნებად. მაგრამ ისევ და ისევ იმ პრობლემასთან მივდივართ, როცა ამ არიდების გზებში რაღაც კარგად არ მუშაობს ხოლმე, რადგან ხშირად ისე გვემართება, რასაც ვებრძვით, უნებლიეთ მას ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით.

ჩვენ ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ დანარჩენ სამყაროსთან ერთად; გინდა თუ არ გინდა, იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო დანარჩენ სამყაროს, ისევე, როგორც დანარჩენმა სამყარომაც ანგარიში უნდა გაგიწიოს შენ. მხოლოდ ასეთ ურთიერთანგარიშგაწევაში შევძლებთ ადამიანები, სახელმწიფოები, ურთიერთმშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებას.

მეორე მხრივ - ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, დანაშაულზე რომ წაასწრებენ და იქვე ახორციელებენ შურისძიებას, შურისმაძიებელთაგან განსხვავებით, დანარჩენი ნაწილი საზოგადოებისა თანაუგრძნობს ე.წ. დამნაშავეს (რა გინდ მძიმე იყოს დანაშაული) და ეს იმიტომ ხდება, რომ არ სურს გაუთანაბრდეს დამნაშავეს. სწორედ ამიტომ ლეგიტიმური უფლება შურისძიების განხორციელებისთვის მინიჭებული აქვს სახელმწიფოს. სწორედ მაშინ, როცა სახელმწიფო კარგავს სახელმწიფოებრიობის ნიშნებს, იგი საზოგადოების თვალში კარგავს ლეგიტიმურობას და ადამიანები თვითნებურად იწყებენ "სამართლის“ განხორციელებას. ეს კი ძალიან სახიფათო სიმპტომი გახლავთ.

თქვენ ასევე კარგად იცით, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან მუდმივ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით; ვისაც ამ ომის საბოლოოდ დასრულების ილუზია აქვს, მათთვის ვიტყვით, რომ ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის სრული კაპიტულაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმდენი გონიერება მაინც გვმართებს, რომ კვლავ არ აღმოვჩნდეთ დაგებულ ხაფანგში.

ჩვენ, როგორც ქრისტიანებს და ამ ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებს, დიდი დაფიქრება გვმართებს, რომ მხოლოდ ემოციები არ ასაზრდოებდეს ჩვენს ქმედებებს, და არავინ შეძლოს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევა ჩვენი საზოგადოების ემოციური „დამუხტვის“ ხარჯზე. ასე რომ, ნებისმიერ უბედურებას, ბოროტებას მხოლოდღა სიკეთით, სიმშვიდით და სიყვარულით დავამარცხებთ.

მრავალი საკითხია, რომელზედაც ჩვენს ყურადღებას მიაქცევს დღევანდელი დღე, როგორც წარსულში, ისე სადღეისოდ და სამომავლოდ. ვიფიქროთ ამაზე;

და კიდევ - როცა ეკლესია მრევლს მოიხსენებთ ვითარცა სამწყსოს, კარგად დავიმახსოვროთ, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს სამწყსო, და არა პირდაპირი გაგებით ცხვრები! ეს მხოლოდ სიმბოლური ენაა. არ უნდა იყოთ მართლა ცხვრებივით, უნდა გქონდეთ საკუთარი აზრი და პოზიცია სამყაროს მიმართ, ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ! ამის გარეშე შენგან პიროვნება ვერ შედგება და ვერც ვერასდროს იქნები ანგარიშგასაწევი, მით უფრო მსოფლმხედველობით განსხვავებული ჯგუფებისგან, პოლიტიკური ოპონენტებისგან, მთავრობებისგან და თუ გინდა სხვა სახელმწიფოების მხრიდან!

თუ შენ არ იცი რა გინდა და როგორ გინდა და ვერ ახერხებ შენი პრინციპებიდან გამომდინარე სწორად პოზიციონირებას, ყოველთვის დამარცხებული იქნები და ამით მხოლოდ უბედურებას მოიწევ; ...და მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით კარგის გაკეთებას ცდილობ, ფაქტობრივად, მტრის წისქვილზე ასხამ წყალს. ასე რომ, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიაზროვნოთ და შევეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ ვიყოთ ადამიანები, პიროვნებები, მოაზროვნეები.

ყველა მოვლენას აქვს თავისი შინაარსი და შევეცადოთ მას ჩავწვდეთ. მორწმუნე ადამიანი თავისთავში გარკვეულწილად ირაციონალურობის მატარებელია, რადგან ღმერთისადმი რწმენა არავითარ მეცნიერულ მტკიცებას ან უარყოფას არ ექვემდებარება, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მამები გვირჩევენ, რომ ვიდრე წუთისოფელში ვართ, ნუ შეეცდებით ფრენას, თორემ ცხვირ-პირს დაიმტვრევთო; რეალობას არ უნდა მოწყდე და შენს ფეხქვეშ საყრდენს უნდა გრძნობდე. გახსოვდეს ღმერთი, და ასევე იცოდე, რომ შენ ხარ ღმრთაებრივი შემოქმედების თანამონაწილე. ნებისმიერი სასწაული, რაც ხდება, მისი მონაწილე ხარ შენ. ცუდი, რაც ხდება, იმ ცუდის მონაწილეც ხარ და სიკეთის მონაწილეც ხარ, იმდენად და იმ სახით, რამდენად აცნობიერებ ან ვერ აცნობიერებ ამას, რამდენად სწორად ან არასწორად იაზრებ.

გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ უმნიშვნელო მოვლენა სამყაროში. შეიძლება ვიღაცამ ზევიდან დაგიწყოს ყურება, ქედმაღლურად და დამცინავად; ამით  ეს ადამიანი უპირველესად თავისთავს აყენებს შეურაცხყოფას. აი, შენ კი ნამდვილად უნდა იცოდე, თუ ვინ ხარ! ადამიანი ხარ, ღმრთის ქმნილება ხარ, მოაზროვნე არსება, დიდი სულიერი ენერგიების პატრონი; მაგრამ შენ უნდა ისწავლო ამ სულიერი ენერგიის, მადლის მართვა და სწორ კალაპოტში გაშვება. აი, მაშინ შედგები შენ, შედგება საზოგადოება, ქვეყანა, სახელმწიფო! მაშინ ეკლესიაც კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

ყველაზე მთავარი სიკეთე არის თავისუფლება და იცოდე არავის არ მისცე საშუალება შენზე გაბატონდეს, არავის! ხოლო, მშობლებო, გეტყვით, ბავშვებს რომ ზრდით ოჯახებში, გაფრთხილდით, უნებლიეთ არ დაჩაგროთ ისინი და არ წაართვათ მათ მომავალი. დაღუპვა იმაშია, როცა ადამიანს მონური მორჩილებით ზრდი. არც თუ იშვიათად, თვით მშობელი ხდება ბავშვის შინაგანი თავისუფლების მტერი. ამაზე მეტად მას ვეღარავინ დააზიანებს. ამიტომ პირველმა შენ უნდა ისწავლო თავისუფლება. ეს კი ნიშნავს საკუთარი თავის, პიროვნების, ღირსების დაფასებას და სხვათა პატივისცემას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.