საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგლამენტის დარღვევით განიხილავს
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგლამენტის დარღვევით განიხილავს

A+ A-

15:01 18/06/2019

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგლამენტის დარღვევით განიხილავს. კომიტეტმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში რომ განიხილოს, დოკუმენტზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნა უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა დასკვნა არ არსებობს.

კომიტეტის დასაწყისში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნულ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა და მოითხოვა, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გადაედოთ. „ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე, რეგლამენტის დარღვევაა“, - აღნიშნა გოგორიშვილმა.

ხათუნა გოგორიშვილს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დაეთანხმა, რომ რეგლამენტი ირღვევა. მან საბიუჯეტო ოფისის უფროსისგან განმარტების გაკეთებაც მოითხოვა, რატომ არ არის წარმოდგენილი დასკვნა.

„სამწუხაროდ, საბიუჯეტო ოფისის დასკვნა ვერ მივიღეთ. სხვა კომიტეტებსაც არ მიუღიათ, ვინც საკითხი განიხილა. საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, ვისაც ამის გადაწყვეტის უნარი აქვს.

არის რეგლამენტის დარღვევა, საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებით არის თემები, მაგრამ ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემა არ არის. მე ჩემს გულისტკივილს პარლამენტის თავმჯდომარეს გავუზიარებ, რომელიც არის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოში. მე სხვა ბერკეტი არ გამაჩნია.

ეს ის შემთხვევაა, როცა ოპოზიციას უნდა დავეთანხმოთ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნა წარმოდგენილი არ არის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა მაინც დაიწყო.