"ნეტა ისეთი მუშაობა იყოს, რომ დასვენების დღეები გვჭირდებოდეს“
"ნეტა ისეთი მუშაობა იყოს, რომ დასვენების დღეები გვჭირდებოდეს“

A+ A-

17:27 18/06/2019

"ნეტა ისეთი მუშაობა იყოს, რომ დასვენების დღეები გვჭირდებოდეს“, - ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.

„ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ფაქტობრივი უმუშევრობა ძალიან მაღალია, ასეთ პირობებში მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეზე ლაპარაკი შეიძლება პარადოქსულად მოგვეჩვენოს. მაგრამ, ამ თარიღის აღიარებით, რასაც ეძღვნება ჩვენი კანონპროექტი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ხაზი უნდა გაუსვას შრომის როლს, უნდა გადაიაზროს ის სამწუხაროდ დამკვიდრებული ძალიან მავნე ტენდენცია, მენტალობაც კი, რომელიც საზოგადოების ელიტურ ნაწილში გაჩნდა, რომ თითქოს ეს მნიშვნელოვანი არ არის.

გვესმის, რომ მთავარია ინვესტიციები, კონკურენცია და ა.შ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებმა თავისი შრომის მეშვეობით ეს ინვესტიცია აქციონ ისეთ პროდუქციად, რომ მან მეტი სარგებელი მოიტანოს“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, 1 მაისი , შრომის საერთაშორისო დღე თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.

„ეს არ არის პოპულისტური იდეა, ან იდეა იმის თაობაზე, რომ აი ხალხი ბევრს მუშაობს და იქნებ დაისვენონ და ამიტომ დასვენების დღე იყოს. ნეტა ისეთი მუშაობა იყოს, რომ დასვენების დღეები გვჭირდებოდეს. ეს არის სიმბოლური დატვირთვის ამბავი და ეს საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ შრომის როლი და სოლიდარობის როლი კარგად გავიაზროთ“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.