"იტყვიან ბენზინი გამიიაფე და ეგ იქნება შენი სამშობლოს დღე...“
"იტყვიან ბენზინი გამიიაფე და ეგ იქნება შენი სამშობლოს დღე...“

A+ A-

17:29 18/06/2019

 "იტყვიან ბენზინი გამიიაფე და ეგ იქნება შენი სამშობლოს დღე...“, - ამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე იმ პირებზე ამბობს, ვინც 14 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ეწინააღმდეგება.

"რა თქმა უნდა, ამას ცოტა სკეპტიკური თვალით რომ შევხედოთ, ბუნებრივია წარმოიშობა, რას ნიშნავს ეს სამშობლოს დღე. რა დროს სამშობლოს დღეა ამ 21-ე საუკუნეში, ან რა უნდა გავაკეთოთ, ამ სამშობლოს დღეს - დავისვენოთ, დასვენებები გვაკლია, ბენზინი გამიიაფე და ეგ იქნება შენი სამშობლოს დღე.

ან იმ დღეს რა უნდა ვქნათ, წავიკითხოთ სამშობლოზე ლექსები, დავლიოთ, გულში ვირტყათ ხელები თუ რა ვქნათ“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ კომიტეტის სხდომაზე, სადაც მის მიერ ინიცირებულ კანონპორექტს წარადგენს.

მისი თქმით, ძალიან ბევრი საეკლესიო დღეა და ერთი საერო დღეც გვჭირდება. როგორც ქანთარია განმარტავს, „სამშობლოს დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებები არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონში უნდა გაიმართოს.

თითო წელს კი, ეს დღესასწაული კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას უნდა დაუკავშირდეს. ღონისძიებაში ჩართულები იქნებიან ისტორიკოსები, მსახიობები. ცნობისთვის, ნუკრი ქანთარიას კანონპროექტის თანახმად, 14 მაისი „სამშობლოს დღედ“ გამოცხადდება. 14 მაისი იქნება უქმე დღე, თუმცა 8 მარტი უქმე დღეების რიცხვიდან ამოდის.