ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს
ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

A+ A-

19:03 18/06/2019

მესტიის მუნიციპალიტეტი 22 ივნისს ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის შემდეგაც დაგეგმილია სახალხო ზეიმი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩო, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ხელისუფლებას, დონორებს, „ენპარდის“ (ENPARD) განმახორციელებელ პარტნიორებს, ფართო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები. მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დაესწრონ სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“, რომელიც ჩატარდება დაბა მესტიის ცენტრალურ მოედანზე და მოიცავს გასართობ და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს ბავშვების, ახალგაზრდობისა და მთლიანად მოსახლეობისთვის, რათა გაეცნონ ევროკავშირს და მის მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებს საქართველოში. დაგეგმილია საჭადრაკო ტურნირიც.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ავსტრიის ელჩი არად ბენკე, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკტიდესტრომი, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი ჰაინც ჰაბერტოიერი, ქეა ავსტრიას ფინანსური დირექტორი რობერტ ვოლფსბერგერი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია.

პროექტი GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

რაც შეეხება პროექტსი „ენპარდი III მესტია“ (ENPARD III) , „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC) ერთად განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს. „ენპარდის“ პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. „ენპარდი III მესტიას“ სპეციფიკური მიზანია მთიან დასახლებებში მოწყვლადი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის LEADER მიდგომის გამოყენებით. მისი მთლიანი ღირებულება შეადგენს 2.5 მილიონ ევროს და დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მიერ.