"მსჯავრდებულ თ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია, რომელსაც კუჭიდან გადაყლაპული მეტალის საგნები ამოუღეს "
"მსჯავრდებულ თ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია, რომელსაც კუჭიდან გადაყლაპული მეტალის საგნები ამოუღეს "

A+ A-

10:37 19/06/2019

მსჯავრდებულ თ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია, რომელსაც კუჭიდან გადაყლაპული მეტალის საგნები ამოუღეს. უწყებაში განმარტავენ, რომ 1996 წელს დაბადებულ თ.მ.-ს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია 18 ივნისს, მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის საბოლოოდ ქირურგიულ ჩარევაზე დათანხმდა.

„მსჯავრდებულს მანამდეც არაერთხელ შეეთავაზა ოპერაციული მკურნალობის ჩატარება როგორც N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, თუმცა კატეგორიულად უარს აცხადებდა ოპერაციის ჩატარებაზე.

თ.მ. მუდმივად იმყოფებოდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვადასხვა პერიოდში მას რამდენჯერმე გაეწია ოჯახის ექიმის კონსულტაცია; ჩატარებული აქვს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევები (სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია).

2019 წლის 4 აპრილს გადაყლაპა უცხო სხეულები. მსჯავრდებულის განმარტებით, ჩაყლაპა მეტალის რამდენიმე ჭანჭიკი და მაგნიტი. 6-დან 8 აპრილამდე პერიოდში მსჯავრდებულს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა; შიმშილობის მიზეზად ასახელებდა, რომ არის უდანაშაულო და მოითხოვდა მისი სისხლის სამართლის საქმის გადახედვას.

2019 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულს ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, დაიგეგმა და ჩაუტარდა მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია. დასკვნის მიხედვით გამოვლინდა ლითონის სიმკვრივის რამდენიმე მცირე ზომის უცხო სხეული. ექიმის კონსულტაციისა და გამოკვლევების საფუძველზე მწვავე ქირურგიული პათოლოგია გამოირიცხა, თუმცა გაიცა რეკომენდაცია ოპერაციულ ჩარევაზე გართულებების პრევენციის მიზნით.

2019 წლის 8 აპრილს მსჯავრდებულს კვლავ ჩაუტარდა მუცლის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია და ქირურგის კონსულტაცია N18 დაწესებულებაში. შესაბამისად, გაიცა რეკომენდაცია ოპერაციულ მკურნალობაზე გეგმიური წესით და თ.მ. დარეგისტრირდა რეფერალთა ბაზაში.

2019 წლის 3 ივნისს ეპიგასტრიუმში არსებული საგნების ამოღების მიზნით, მსჯავრდებულს შესთავაზეს ოპერაციული მკურნალობა, რაზედაც მან განაცხადა უარი (შედგა შესაბამისი აქტი).

16 ივნისს მუცლის არეში ტკივილის გამო გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, თუმცა მსჯავრდებულმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა. ამავე დღეს მსჯავრდებული N18 (სამკურნალო) პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც ქირურგის მიერ შეთავაზებულ ოპერაციულ მკურნალობაზე კვლავ უარი განაცხადა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი. 17 ივნისს მსჯავრდებულმა კვლავ გადაყლაპა მეტალის უცხო სხეული, რამაც მსჯავრდებულის მდგომარეობაზე მძიმე გავლენა იქონია. კერძოდ, რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დადგინდა ზედა სასუნთქ გზებში (ხორხსარქველის საპროექციო არე) უცხო სხეულის არსებობა. 17 ივნისს, 22:00 საათზე მსჯავრდებული უკვე დათანხმდა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ამოღებული იქნა, როგორც საყლაპავიდან, ასევე კუჭიდან მეტალის სხვადასხვა საგნები“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.