"მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ყოველდღიურად 1000-მდე ხელმოწერა გროვდება"
"მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით,  ყოველდღიურად 1000-მდე ხელმოწერა გროვდება"

A+ A-

14:02 19/06/2019
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად 1000-მდე ხელმოწერა გროვდება. ამის შესახებ “2020NEWS”-ს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლულის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
 
მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება რეგიონებშიც მიმდინარეობს და ჯერჯერობით, არ არის ზუსტი მონაცემი თუ რამდენი ხელმოწერა შეგროვდა.
 
“იმის შემდეგ, რაც ჩვენ რუსთაველის გამზირზე ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, ამ ერთ წერტილზე ყოველდღიურად 1000-მდე ხელმოწერა გროვდება. ამ პროცესში ჩართულნი არიან სტუდენტებიც, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით აგროვებენ ხელმოწერებს. ასევე, სხვადასხვა რეგიონებში, რაიონებში წაღებულია ბლანკები რათა ხელმოწერების შეგროვება მოხდეს. ჯერჯერობით, რეგიონებიდან არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ხელმოწერა შეგროვდა, მაგრამ შედეგებს პერიოდულად გამოვაქვეყნებთ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ხელმოწერა შეგროვდეს, რადგან რაც უფრო მეტი ხელმოწერა იქნება მით უფრო უკეთესი იქნება და საზოგადოებასთან ერთად ვაიძულებთ ამ უღირს, ბავშვთა ბაღს - პარლამენტს, საგამოძიებო კომისია შეიქმნას“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.
 
შეგახსენებთ, 12 ივნისს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერები ზაფხულის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება და საშემოდგომო სესიაზე წარედგინება პარლამენტს.