საქართველო ანექსირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ ვცხოვრობთ გამოუცხადებელი კაპიტულაციის პირობებში - დავით მიროტაძე
საქართველო ანექსირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ ვცხოვრობთ გამოუცხადებელი კაპიტულაციის პირობებში - დავით მიროტაძე

A+ A-

12:43 20/06/2019

საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს, რომელიც მონაწილეობას იღებს მართმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" თავმჯდომარე დავით მიროტაძე:

"დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს მხოლოდ 20%-ია ოკუპირებული ძალიან ცდება.  დინამდვილეში საქართველო სრულიად ოკუპირებულია 100%-ით! დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გამოუცხადებელი კაპიტულაციის პირობებში! შვიდ წელში, ივანიშვილის რეჟიმმა პრაქტიკულად შეასრულა ყველა ის ამოცანა, რაც წარმოადგენს კრემლის მთავარ ინტერესს საქართველოში: ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები;

ჩაშლილი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ანაკლიის პორტის პროექტი; განადგურებული სტრატეგიული ობიექტები; გააქტიურებული რუსული ტიპის ფსევდო ფაშისტურ-ნაციონალისტური საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან რუსული ე.წ. ფონდების მიერ და ხელს უწყობენ საქართველოს, როგორც არადემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის ფორმირებას საერთაშორისო საზოგადოებაში; უკონტროლო რუსული პროპაგანდა, რაც ეფექტურობის მაქსიმუმს აღწევს და აისახება საქართველოს მოსახლეობის განწყობის მკვეთრ ცვლილებაზე ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებით", - აცხადებს დავით მიროტაძე.

იგი გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც საუბრობს:

"აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ყოფილი ენერგეტიკის და ამჟამინდელი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაზპრომთან დადებული ფარული ხელშეკრება, რომლის პირობების გასაიდუმლოება ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ შეთანხმება არღვევს საქართველოს ენერგო დივერსიფიკაციის პირობებს, რაც წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს. და ასეთ ფონზე დღეს საქართველოს სტუმრობს რუსი დეპუტატი გავრილოვი, რომელიც არც კი ფარავს, რომ ქართველების მიმართ არის განწყობილი მტრულად.

ეს სუბიექტი აფხაზეთის ომში იბრძოდა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ და ის პირდაპირ გვიცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი რესპუბლიკები და ამას უნდა შევეგუოთ. მეტი რა საფუძველია საჭირო სერგეი გავრილოვი გამოაცხადოს საქართველოს მთავრობამ პერსონა ნონგრატად და ასეთმა არსებებმა ფეხი ვერასდროს დადგან ქართულ მიწაზე?!

საზღვარი საერთოდ გაუკონტროლებელია ჩრდილოელ მეზობელთან, ქვეყანაში რუსი აგენტები როგორც გაეხარდებათ ისე შემოდიან და გადიან, ე.წ. რუსი ბიზნესმენები ისაკუთრებენ დიდი რაოდენობით ქართულ მიწებს და ბიზნესებს. ეს და სხვა უამრავი ფაქტი, რომლის ჩამოთვლას სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება პირდაპირ წარმოადგენს უპირობო კაპიტულაციას! საქართველო ანექსირებულია რუსეთის მიერ!", - აცხადებს დავით მიროტაძე.