პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გრძელდება
პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გრძელდება

A+ A-

20:08 20/06/2019

„სირცხვილია“ ამ სახელწოდების აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ..

 

 

აქციის მონაწილეების ამ მოთხოვნას რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველოს ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის ეზოში ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცველები მიიყვანეს.

დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს.

 

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

რუსი დეპუტატების ვიზიტს მოქალაქეებისა პროტესტი მოჰყვა. ისინი მათ დეპორტაციას მოითხოვენ.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები.