როდის დაითხოვს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს?
როდის დაითხოვს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს?

A+ A-

17:31 27/06/2019

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის დათხოვნის უფლება და შესაძლებლობა მიეცა. კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს უფლება ექნება, 150 დეპუტატი სახლში გაუშვას.

რამდენად ახლოს არის ეს გადაწყვეტილება და აწყობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, უახლოეს დღეებში გაირკვევა. ფაქტი ერთია - მე-9 მოწვევის პარლამენტს ასეთ ძლიერი პოლიტიკური რყევების პირობებში, უფლებამოსილების ვადის ბოლომდე მიყვანა გაუჭირდება.

"კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 6 თვის შემდეგ სახელმწიფო მეთაურს ენიჭება უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო დაითხოვოს, თუმცა პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას ავტომატურად, საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ იღებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ დამოკიდებულია პარლამენტისა და მთავრობის ეფექტურობაზე, ანუ რამდენად ფუნქციონირებადია ეს ორი ორგანო იმისათვის, რომ ქვეყანა მმართველობის გარეშე არ დარჩეს. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის ორი ძირითადი შემთხვევა გამოიყოფა:

პირველი - ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები - ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს არ ამტკიცებს, ამიტომ სახელმწიფო ვერ დარჩება ბიუჯეტის გარეშე, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბიუჯეტზე გაუგებრობა წარმოიშვება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ან მთავრობა უნდა გაუშვა სახლში ან პარლამენტი, მაგრამ მთავრობის გარეშე ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. თუკი პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ვერ მოახდენს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დგება ვალდებულების წინაშე დაითხოვოს პარლამენტი და მეორე - ე.წ. "ნდობის საკითხს“.

ეს ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და შეუძლია ეს საკითხი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე კენჭისყრაზე დააყენოს. შესაბამისად, მეორე საკითხი სწორედ მთავრობისადმი უნდობლობაა. მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის დასმის შემდეგ, თუკი პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება შეძლო, მაშინ ახალი მთავრობის არჩევის მეორე დღესვე ძველი მთავრობა კარგავს უფლებამოსილებას.

მაგრამ თუკი საკანონმდებლო ორგანომ ვერ მოახერხა მთავრობის დაკომპლექტება კვლავ პრეზიდენტი ერევა, როგორც ორ პოლიტიკურ შტოს მიღმა მდგომი სახელმწიფოს მეთაური, არბიტრი. შესაბამისად, ის იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ", - აცხადებს "2020NEWS"-თან კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.

კითხვაზე, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს? - ალაფიშვილი პასუხობს:

"მიუხედავად მმართველი პოლიტიკური ძალის დაღმავალი რეიტინგისა, დიდი ხანია ვამბობ, რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მომგებიანი სწორედ "ქართული ოცნებისთვის“ იქნება, ვინაიდან ის არის მმართველი პარტია და ეს უკვე თავისთავად უპირატესობაა. გარდა ამისა, რიგგარეშე არჩევნებისთვის არცერთი სხვა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიძლება არ აღმოჩნდეს მზად და ეს, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას“ ანიჭებს უპირატესობას. ბუნებრივია, რომ ეს საკითხი დღეს ძალზედ აქტუალურია.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს კონსტიტუციის მიხედვით, დოკუმენტის ის ნაწილები, რომლებიც მე დავასახელე, მმართველ ძალას აძლევს შესაძლებლობა შემქნას ე.წ. ხელოვნური კონფქლიქტი იმისათვის, რომ თუკი მის პოლიტიკურ ინტერესში შედის დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია კონსტიტუციის ეს ორი ჩანაწერი გამოიყენოს და ხელოვნურად შექმნას პარლამენტის დათხოვნის წინაპირობა, რათა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.