როდესაც ჩვენ შევრიგდებით, პირველი მე ჩამოვალ მოსკოვში და ვიმღერებ - ბუბა კიკაბიძე
როდესაც ჩვენ შევრიგდებით, პირველი მე ჩამოვალ მოსკოვში და ვიმღერებ - ბუბა კიკაბიძე

A+ A-

16:48 28/06/2019

ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან

ქართველმა მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ რუსულ გამომცემლობა “კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იქნება პირველი მომღერალი, რომელიც რუსეთთან შერიგების შემდეგ, მოსკოვში კონცერტს გამართავს. 

ინტერვიუში ცნობილი მომღერალი ასევე საუბრობს თბილისში მიმდინარე ანტირუსულ აქციებზე და დამყარდება თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობა.

- ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, ჩვენს სახელმწიფოში თქვენ დიდ პატივს გცემენ. ამის მიუხედავად, თქვენ რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებებით გამოირჩევით...

- ადამიანს არ აქვს უფლება სხვა ადამიანს სიცოცხლე მოუსპოს. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ უბრალო ადამიანებს - არც რუსებს და არც ქართველებს. ყველა საშინელება პოლიტიკიდან მოდის. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყნები. მამაჩემი 1942 წელს ქერჩში დაიღუპა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ რუსი ტანკები ჩვენთან შემოვიდოდნენ. ყველანი ერთად ვცხოვრობდით, ხალხი ერთმანერთს პატივსცემდა, თუმცა ყოველთვის გრძნობდა  "უფროსი ძმის“ ზეწოლას.

- მაგრამ "უფროსმა ძმამ“ მოგცათ სამუშაო...

- დიახ, ჩემი მთავარი სამუშაო რუსეთში იყო, ვმღეროდი რუსულ ენაზე. მე ვიცი, რომ რუს ხალხს ვუყვარვარ. თუმცა, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. მოწმე ვარ, რუსეთიდან ქართველები საბარგო თვითმფრინავით  როგორ გამოუშვეს, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.

მყავს სამი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. 2008 წელს, როდესაც ტანკები გორს უახლოვდებოდნენ, მე მოსკოვიდან მომივიდა დეპეშა, რომ პუტინმა ღირსების ორდენით დამაჯილდოვა. მე თუ ამ ჯილდოს ავიღებდი,  ჩემს შვილიშვილებს თვალებში ვეღარ ჩავხედავდი. რადგან ტელევიზორში ვხედავდით რუსი ტანკები როგორ გვანადგურებდა. ამიტომ, 2008 წლის შემდეგ რუსეთში კონცერტი აღარ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მოწვევა მივიღე, მაგრამ მე ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაიბომბა. თუმცა, ვაღიარებ რომ ჩემი რუსული სიმღერები მენატრება. როდესაც ძალიან მომინდება მათი შესრულება, უკრაინაში მივდივარ და იქ ვმღერი. მე ვატარებ კონცერტებს ცენტრალურ აზიაში, უკრაინაში  ბალტიისპირეთში, ყველგან რუსეთის გარდა.

- თქვენი აზრით, ჩვენ ვართ დამპყრობელი ქვეყანა. თქვენ მზად ხართ გვესროლოთ?

- ეს არ არის ლოგიკა, ეს არის ოკუპაცია.

- და რუსი დეპუტატი იყო მოწვეული, თუმცა ის გამოაძევეს. ამაშიც რუსეთია დამნაშავე?

- მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც რუსეთს ადანაშაულებს. ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს ეწვია გავრილოვი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. ეს ადამიანი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და ახლა სპიკერის სკამზე დაჯდა.

- გავრილოვი უარყოფს, რომ ის აფხაზეთში იყო...

- რა თქმა უნდა, უარყოფს. ისინი ხომ ყველაფერს უარყოფენ. დარწმუნებული ვარ, რომ მას არ ეგონა, რომ სპიკერის სკამზე იჯდა (იცინის). 

- ის თქვენ თავად დაპატიჟეთ...

- ამის გამო ვითარდება მოვლენები საქართველოში ასე. აკრიტიკებენ იმას,  ვინც ის დაპატიჟა.

- მოდით გვითხარით, რატომ შეარცხვინეთ გავრილოვი ასე და რატომ გააგდეთ ქვეყნიდან? ობიექტურად გვიპასუხეთ ბატონო ბუბა.

- მოდით აგიხსნით. ჩემთან მოჰყავთ სტუმარი, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს რომ მოვიდეს... მან მხარი დაუჭირა აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან. დაპატიჟეს... ხალხისთვის არ უკითხავთ. ჩვენებმა დიდი შეცდომა დაუშვეს. მე თუ ხვალ მოსკოვში ჩამოვალ და პარლამენტში დავჯდები, დავიწყებ საუბარს, რომ რუსეთი ოკუპანტია, მე არ გამომაძევებენ?! რა თქმა უნდა, გამომაძევებენ.

- ვფიქრობ, თქვენ თვითმფრინავში კულტურულად ჩაგსვამენ.

- თქვენ გგონიათ მე პოლიტიკას არ ვიცნობ?! აფხაზეთში ვიყავი, როდესაც იქ ომი მიდიოდა. მე ეს სხვანაირად ვიცი. იქ ბიძაშვილი დამეღუპა, ალყაში მოყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელებში. თავი აიფეთქა, რადგან ეგონა, რომ მძევლად ჩავარდებოდა. არსებობს ეთნიკური საკითხები, რომელიც შენს სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენო. რანაირი დიპლომატია გავრილოვი?

- ის დეპუტატია.

- დიახ, მართლმადიდებელი კომუნისტი. ეს კრემლში იყო დაგეგმილი.

- "ქართულ ოცნებას“ დაუგეგმა რაიმე კრემლმა?

- არსებობს ვერსია საქართველოში, რომ ქვეყნის პარლამენტი რუსულ თამაშს თამაშობს. ფიქრობენ, რომ არის ვიღაც, რომელიც ამ ყველაფერს სათავეში უდგას. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა.

- თქვენთან ჩამოდის მილიონობით ტურისტი. ჩამოდიან ინვესტორები, თქვენთვის ფული მოაქვთ, ყიდულობენ ბორჯომს, ღვინის ქარხნებს, ენერგეტიკას - ეს ცუდია?

- კარგია, როდესაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს ერთმანეთთან. მაგრამ ჩვენ რუსებისგან დაფასება არ გვაქვს. აქ რუსული ჩექმა იგრძნობა. როდესაც რაიმეს ვაპროტესტებთ, მაშინ აკრძალვები მოდის რუსეთიდან, რადგან "ქართველები ჭკუაზე მოვიდნენ“.

- 2008 წლის 8 აგვისტოს ქართველები გადავიდნენ იერიშზე...

- მეც იგივეს გავაკეთებდი. იქ ყოველთვის ერჩოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

- გამოდის, ომის პროვოცირება სააკაშვილმა მოახდინა.

- როგორ მოახდინა სააკაშვილმა?! ყველამ იცოდა, რომ როკის გვირაბთან უკვე რუსული ტანკები იყვნენ განლაგებულნი.

- ანუ სააკაშვილს არ დაუწყია ომი?

- მას თავად ქართველები მოკლავდნენ ეს რომ გაეკეთებინა, როგორ შეიძლება მას ომი დაეწყო რუსეთთან?

- კი მაგრამ ევროპამაც კი ის დაასახელა ინიციატორად...

- ევროპამ ის დაასახელა, რადგან რუსეთი დიდია, ძლიერი, დიდი ფულით და ძლიერი პროპაგანდისტული მანქანით. ეს სერიოზული ქვეყანაა. და საქართველო ?

- რატომ არის ეს მიტინგი შეურაცხმყოფელი და უხამსი ლოზუნგებით სავსე?

- ახალგაზრდებს არ შეუძლიათ თავისი პოზიციის მშვიდად დაფიქსირება. ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა 2008 წლის ომში. როგორ შეიძლება რბილად თქვან? ეს ყველაფერი გულში აქვთ.

- რატომ არ უცხადებთ პრეტენზიას თურქეთს? მან ორჯერ დიდი ტერიტორია წაიღო თქვენგან...

- დიახ...

- რატომ არ ექცევით თურქებს ისე, როგორც რუსებს?

- იმიტომ, რომ ქართველები არ არიან აგრესორები თავისი ბუნებით. თუ მათში ეს ემოცია გაიღვიძებს, თურქეთის წინააღმდეგაც აჯანყდებიან. მე მინდა ვთქვა, რომ - თუ პუტინი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას გადაჭრიდა, მის სურათს ქართველები სახლში დაიკიდებდნენ.

- აფხაზები სად წავიდოდნენ?

- ჩვენთან ერთად იცხოვრებდნენ...

- მათ თქვენთან ერთად ცხოვრება არ უნდათ.

- ამაშია საქმე, რომ არ უნდათ, რადგან მათ რუსული პასპორტები დაურიგეს.

- პასპორტებში არ არის პრობლემა, მათ არ უნდიხართ...

- მაშინ ასე ვიტყვი - რუსეთში ძალიან ბევრი მუსულმანი ცხოვრობს. თუ მუსულმანი ადამიანი ხვალ იტყვის, რომ ეს რაიონი ჩემია, მუსულმანური, რადგან აქ ვცხოვრობო... გახსოვთ ფილმი მიმინო რისთვის არის გადაღებული? იმისთვის, რომ ადამიანი თავის სამშობლოში უნდა იმყოფებოდეს.

- ქვეყნების მხატვრები, პოეტები, არტისტები ხშირად მეგობრობენ. ნუთუ შეუძლებელია დაფიქრება - როგორ შეიძლება გამოიძებნოს რაიმე საერთო? და არ ვილაპარაკოთ მხოლოდ გაყოფაზე?

- თქვენ ფიქრობთ, რომ მე ამაზე არ მიფიქრია? მაგრამ არცერთი რუსი ხელოვანისგან მსგავსი რამ არ მომისმენია. ფიქრობთ, რომ პირველმა მე უნდა დავიწყო ასეთი მოლაპარაკება? - ეს არასწორია. აგრესორი რომ ვყოფილიყავი,  ამ შემთხვევაში გადავდგამდი პირველ ნაბიჯს.

- რუსულ სოციალურ ქსელებში წერენ, კიკაბიძე გაიყიდა ამერიკელებზე და რუსებზე როგორც ოკუპანტებზე საუბრობსო?

- ადრე, როდესაც გოგოს გამო ვჩხუბობდით, შემდეგ ვრიგდებოდით და ერთად მივდიოდით ნამცხვრების საჭმელად, დასიებული თვალებით, თუმცა კვლავ მეგობრებად ვრჩებოდით. ჩვენს შემთხვევაში იცით როგორ იქნება? ერთხელაც ჩვენ შევრიგდებით და თუ ცოცხალი ვიქნები, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება, მე პირველი ჩამოვალ მოსკოვში კონცერტის გასამართად, შერიგების აღსანიშნავად და ვიმღერებ. მე მიყვარს რუსი ერი და ხალხი. სკოლაში ყოველთვის ხუთიანი მქონდა რუსულ ენაში, ხოლო სხვა საგნებში ორიანები.

და ჩვენი ქვეყნის ხალხი, ჩემი აზრით, უნდა ცხოვრობდნენ მუსიკით, ყვავილებით, სროლის გარეშე, იბრძოლონ თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ ერთი უსიამოვნება გვაქვს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საათობით ვუყურებ „Animal planet“ - ს, რადგან ვიცი, რომ როდესაც მგელი ჭამს ვინმეს, ის მშიერია. ზედმეტს არ შეჭამს. ეს არის ყველაზე სამართლიანი ცხოვრება, მაგრამ არა ხალხში, არამედ ჯუნგლებსა და ტყეში.